მოსკოვი და პეკინი მზად არიან, ერთმანეთს მხარი დაუჭირონ სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის საკითხებში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში გამგზავრებამდე ვიდეომიმართვაში განაცხადა.
გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებმა „უპრეცედენტო დონეს“ მიაღწია, რაც ხასიათდება „ურთიერთგაგებითა და ნდობით“ და ერთმანეთის მხარდაჭერის მზაობით „ძირითადი ინტერესების“, მათ შორის „სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის დაცვის“ საკითხებში.
„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვესტუმრები პეკინს ჩემი კარგი მეგობრის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიწვევით. რეგულარული ვიზიტები და მაღალი დონის მოლაპარაკებები ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია, რათა განვავითაროთ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სრული სპექტრი და გამოვავლინოთ მათი ჭეშმარიტად უსაზღვრო პოტენციალი.
დღეს რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებმა ნამდვილად უპრეცედენტო დონეს მიაღწია. ერთად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას და ჩვენი სახელმწიფოების განვითარების წინსვლას ემსახურება. ეს საკითხები პეკინში დაგეგმილი მოლაპარაკებების დღის წესრიგს წარმოადგენს.
მჯერა, ჩვენი თბილი და მეგობრული კონტაქტები გვეხმარება მომავლისთვის ყველაზე თამამი მიზნების დასახვასა და მათ რეალობად ქცევაში. რუსეთ-ჩინეთის ვაჭრობა აგრძელებს ზრდას და დიდი ხანია, 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის მეგობრობა არ არის მიმართული „ვინმეს წინააღმდეგ“.
„რუსეთ-ჩინეთის მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვან სტაბილიზაციის როლს ასრულებს გლობალურ ასპარეზზე. ამავდროულად, ჩვენ არ ვართ მეგობრები ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ვმუშაობთ მშვიდობისა და საყოველთაო კეთილდღეობისთვის“, — აღნიშნა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინის ოფიციალური ვიზიტი პეკინში 19-20 მაისს გაიმართება. როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლიდერები ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.
