რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. საპროტესტო მსვლელობაში პაციენტების მშობლებთან ერთად მონაწილეობენ მოქალაქეებიც, რომლებიც ქვეყანაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის შემოტანას ითხოვენ. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით წითელი ბუშტებითა და მხარდამჭერი ბანერებით მიემართებიან. მშობლების განცხადებით, მათი მთავარი მიზანია ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოისმინოს მოთხოვნა — დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის შესაბამისი მედიკამენტის ხელმისაწვდომობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ დიაგნოზის შემთხვევაში თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
დღეს აქციის მონაწილეები ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობასაც შეხვდნენ თავისუფლების მოედანზე და სასულიერო პირებს მხარდაჭერისა და დალოცვის თხოვნით მიმართეს.
დიუშენით დაავადებული პაციენტების მშობლები უკვე 28-ე დღეა უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ და მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათენებენ, მედიკამენტის შემოტანის მოთხოვნით.
