რუსებმა ამ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ 3 170-ზე მეტი დრონი, 1 300-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და 74 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, გამოყენებული რაკეტების უმეტესობა ბალისტიკური იყო. დარტყმები განხორციელდა საცხოვრებელ შენობებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგადაც, მიმდინარე კვირაში, 52 ადამიანი დაიღუპა და 346, მათ შორის 22 ბავშვი, დაშავდა.
„ჩვენს ხალხს მეტი დაცვა სჭირდება და ყველაფერი, რაც უკრაინის საჰაერო თავდაცვას უჭერს მხარს, საბოლოო ჯამში, სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი PURL-ის ინიციატივა. ასევე მნიშვნელოვანია ევროპაში ბალისტიკური რაკეტებისგან ერთობლივი დაცვის საკითხებზე მუშაობა. ჩვენ თავდაცვის სფეროში თვითკმარი უნდა ვიყოთ, რათა რუსულმა საჰაერო ტერორმა უკრაინას ან კონტინენტზე სხვა რომელიმე ქვეყანას საფრთხე არ შეუქმნას. მადლობელი ვარ ჩვენი ყველა პარტნიორის, რომლებმაც კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს ჩვენი თავდაცვის მხარდასაჭერად“, – წერს ზელენსკი.
