საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა რვა მილიონი დაუჯდება. “ქართული ოცნების” ხელისუფლება დიდ თანხას სარეზერვო ფონდიდან ხარჯავს.
8 081 647 ლარი მიმართულია თბილისსა და რეგიონებში საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებული აქტივობების ორგანიზებაზე. მათ შორის, თბილისში, 9 აპრილის სახელობის ბაღსა და ორბელიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა შემეცნებით-გასართობი სივრცეები. ასევე გაიმართება გალაკონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული მუსიკოსები. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა. გარდა ამისა, 17:10 საათზე – იმ დროს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საზეიმო აღნიშვნა გაიმართება პრეზიდენტის სასახლესა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
კორუფციის მკვლევარებისთვის ამოუხსნელია, რაში დასჭირდა ივანიშვილის პარტიას თანხის გამოყოფა ფონდიდან, რომელიც წესით გადაუდებელ საჭიროებებს ხმარდება.
წლის დასაწყისში ძალიან მარტივი იყო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დაეგემათ და ბიუჯეტშიც გაეთვალისწინებინათ თანხები. სარეზერვო ფონდიდან თანხების დახარჯვა, რომ რაღაცები არ და ვერ გათვალეს. შესაბამისად, თანხა დააკლდა ბიუჯეტს და შესაბამისად სარეზერვო ფონდიდან, რომელსაც პრემიერი განკარგავს, უშუალოდ იქიდან გახდა საჭირო თანხის ჩარიცხვა. სცენის აწყობას რატომ სჭირდება გადაუდებელი და გამარტივებული წესით, როცა შესაძლებელი იყო წინა თვეებში დაკონტრაქტებულიყო ეს ტენდერი და შემდეგ შესრულება გაკეთებულიყო 26 მაისს. ამიტომ “ოცნება” არარაციონალურად ხარჯავს ჩვენს ფულს, რომელიც უნდა მოხმარდეს ჩვენს მოქალაქეებს”, – აცხადებს კორუფციის მკვლევარი და კოალცია “ცვლილებისთვის” წევრი, ბესო დონაძე
თანხა გადანაწილებულია სხვადასხვა სამინისტროზე, კერძოდ:
თავიდაცვის სამინისტრო – 2 422 778 ლარი;
კულტურის სამინისტრო – 2 000 000 ლარი;
რეგიონული განვითარების სამინისტრო – 825 000 ლარი;
ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 695 259 ლარი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 692 555 ლარი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 660 220 ლარი;
იუსტიციის სამინისტრო – 470 000 ლარი;
ჯანდაცვის სამინისტრო – 315 835 ლარი.
