აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია გაგრძელდება.
ტრამპმა Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში მისი წინამორბედი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„როდესაც პრეზიდენტმა სი ძინპინმა ძალიან დახვეწილად მოიხსენია შეერთებული შტატები, როგორც დაღმასვლის გზაზე მდგომი ქვეყანა, ის გულისხმობდა იმ უზარმაზარ ზიანს, რომელიც ჩვენ მივიღეთ მძინარე ჯო ბაიდენისა და ბაიდენის ადმინისტრაციის ოთხწლიანი მმართველობის პერიოდში – და ამ შეფასებაში ის ასი პროცენტით მართალი იყო. ჩვენმა ქვეყანამ განუზომლად იზარალა ღია საზღვრების, მაღალი გადასახადების, „ტრანსგენდერი ყველასთვის“ პოლიტიკის, კაცების ქალთა სპორტში მონაწილეობის, DEI-ის, საშინელი სავაჭრო შეთანხმებების, უკონტროლო დანაშაულისა და მრავალი სხვა მიზეზის გამო! პრეზიდენტი სი არ გულისხმობდა იმ წარმოუდგენელ აღმავლობას, რომელიც შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს აჩვენა ტრამპის ადმინისტრაციის 16 გამორჩეული თვის განმავლობაში. ეს მოიცავს ისტორიაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე მყოფ საფონდო ბაზრებსა და 401K-ებს, სამხედრო გამარჯვებას და წარმატებით განვითარებულ ურთიერთობას ვენესუელასთან, ირანის სამხედრო ძალის გამანადგურებელ დასუსტებას (გაგრძელება იქნება!) მსოფლიოში ყველაზე ძლიერ არმიას უდიდესი უპირატესობით, კვლავ ეკონომიკურ ზესახელმწიფოდ ქცევას, რეკორდულ 18 ტრილიონ დოლარს, რომელსაც სხვა ქვეყნები ამერიკაში აბანდებენ, აშშ-ის ისტორიაში საუკეთესო შრომით ბაზარს, როდესაც დღეს ამერიკაში უფრო მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე ოდესმე ადრე, ქვეყნის დამანგრეველი DEI-ის დასრულებას და კიდევ უამრავ სხვა რამეს, რომელთა სრულად ჩამოთვლაც პრაქტიკულად შეუძლებელია. მეტიც, პრეზიდენტმა სიმ ასეთი მოკლე დროის განმავლობაში მიღწეული არაერთი უდიდესი წარმატება მომილოცა“, – დაწერა ტრამპმა.
მისი მტკიცებით, ორი წლის წინ აშშ მართლაც დაღმასვლის გზაზე მდგომი ქვეყანა იყო.
„ამაში პრეზიდენტ სი-ს სრულად ვეთანხმები! მაგრამ ახლა შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე დინამიკურად განვითარებადი ქვეყანაა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან უფრო ძლიერი და უკეთესი იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა!“- აღნიშნა ტრამპმა.
