აღმოვაჩინეთ, რომ ევროპარლამენტში უფრო მკაცრი წესებია, ვიდრე საქართველოს პარლამენტში. ასე რომ, აუცილებლად ვიფიქრებთ, შევიტანო თუ არა შესაბამისი ცვლილებები აკრედიტაციის წესში, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „უნდა მივხვდეთ, რა ფარისევლობაა ევროპარლამენტში, ბრიუსელში, რა ფარისევლები სხედან ევროკავშირის საელჩოში, რომლებიც საქართველოს პარლამენტს იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ შეეცადა, პარლამენტში მედიის ელემენტარული წესები ყოფილიყო“.
„ევროკავშირმა ასობით ათასი ევრო დახარჯა, რათა გაეშავებინა საქართველოს პარლამენტი, მოესია ჩვენთვის „ენჯეოები“, ეგრეთ წოდებული მედიაომბუდსმენი, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია. ათასობით, ათიათასობით ევრო ჩადეს, რათა პარლამენტის რეპუტაცია დაეზიანებინათ. სწორედ აკრედიტაციის წესებთან დაკავშირებით იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტში. დღესაც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელია შეტანილი ევროკავშირის საელჩოს და ევროპარლამენტის დაფინანსებით, თითქოს აკრედიტაციის წესების შემოღება, გარკვეული წესების დადგენა ეწინააღმდეგება მედიის თავისუფლებას და ასე შემდეგ.
რა აღმოვაჩინეთ? თურმე ევროპარლამენტში არის უფრო მკაცრი წესები, ვიდრე საქართველოს პარლამენტში. კერძოდ, საქართველოს პარლამენტში ერთ-ერთი წესია, რომ რესპონდენტს თუ არ სურს ინტერვიუს მიცემა, ჟურნალისტს შეუძლია, დაიწყოს ინტერვიუ, მაგრამ რესპონდენტი თუ ეტყუვის, რომ შეწყვიტოს ინტერვიუ, მაშინ უნდა შეწყდეს. ევროპარლამენტში თურმე წინასწარი თანხმობაა საჭირო რესპონდენტისგან. საინტერესოა, ვიფიქრებთ ამაზე.
მეორე – საქართველოში წესი როდესაც ირღვევა, გვაქვს სანქცია. სანქცია არის ერთი თვით შეჩერება აკრედიტაციის და, განმეორების შემთხვევაში, ექვსი თვით. რამდენი ხნით შეუჩერეს „იმედს“? ერთი წლით. კარგია, ამაზეც ვიფიქრებთ. ვაპირებ, ვიფიქრო, შევიტანო თუ არა შესაბამისი ცვლილებები აკრედიტაციის წესში – წინასწარი თანხმობა მიიღოთ რესპონდენტებისგან, თუ ევროპარლამენტში ეს არის წესი და თუ ეს ყოფილა ევროპული წესი. თანხმობა მიიღოთ რესპონდენტებისგან და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ ინტერვიუ; ჩვენთან პირველ ჯერზე არის ერთი თვით აკრედიტაციის შეჩერება, მეორე ჯერზე ექვსი თვით. ევროპარლამენტში კი პირველივე ჯერზე ერთწლიანი შეჩერებაა. ამიტომ, ამაზე აუცილებლად ვიფიქრებთ.
არსებობს კარგი სიტყვა – ფარისევლობა, უნდა მიხვდეთ, რა ფარისევლობაა ევროპარლამენტში, ბრიუსელში, რა ფარისევლები სხედან ევროკავშირის საელჩოში, რომლებიც საქართველოს პარლამენტს აკრიტიკებდნენ, თავდასხმის ობიექტი იყო იმის გამო, რომ შეეცადა, პარლამენტში ყოფილიყო მედიის ელემენტარული წესები, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ათჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ევროპარლამენტში. როგორ ბედავდა ეს ხალხი, რომ საქართველოს პარლამენტს თავს ესხმოდა. სად არიან ის მედიაომბუდსმენები, საიები, ეთიკის ქარტიები და ასე შემდეგ. ახლა გამოჩნდა, რომ ეს „ენჯეოები“ დაქირავებული იყვნენ ბრიუსელის მიერ, რათა თავს დასხმოდნენ საქართველოს პარლამენტს, ფულს იღებდნენ იმაში, რომ ყალბი ბრალდებები წამოეყენებინათ. დღეს ხმას არ ამოიღებენ, რადგან მათი დამქირავებელი ვინც არის, ვინც კვებავს, ფულს აძლევს, იმის წინააღმდეგ ხმას არ ამოიღებენ. ძალიან კარგი, მივიღეთ ცნობად, თუ რა წესები არის ევროპარლამენტში. სხვათა შორის, გამოვითხოვე წესები, რაც არის, ჩავხედე კარგად. ჩვენთან შემოღებული ყველაზე მსუბუქი წესები. ხომ ნახეთ, თურმე როგორი ყოფილა ევროაპრლამენტის წესი. აუცილებლად ვიფიქრებთ, ჩვენთანაც ზუსტად იგივე წესები გავრცელდეს თუ არ გავრცელდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“, „რუსთავი 2“-ს და „პოსტივის“ ერთი წლით აკრედიტაცია შეუჩერა.
