“მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელი, ეკა ბესელია ხმაურიან დაკავებებს აანონსებს. მისი თქმით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლების დაკავება 5 ადამიანით არ დასრულდება.
ეკა ბესელია განმარტავს, რომ “მოსკოვის მექანიზმის” უმძიმესი დასკვნის შემდეგ “ოცნება” დაკვირვების პროცესშია.
მისი თქმით, ივანიშვილის გუნდს ახლა უნდა აჩვენოს, რომ მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის ბრალდებით 5 ადამიანია პასუხისგებაში მიცემული, თუმცა ეკა ბესელიას განცხადებით, “ეს მხოლოდ დასაწყისია”.
“გაგრძელება აუცილებლად იქნება. ასე ვერ სრულდება და არ სრულდება სამართლის აღსრულების პროცესი, რომელიც აიძულებს მათ შორის თავად “ქართულ ოცნებას”, რომელიც, სამწუხაროდ, თვითონ არის ავტორი ამ უსამართლობის, რომ რაღაც ნაბიჯები აჩვენოს.
რა არის ეს 5 ადამიანის გამეტების პროცესი – “მოსკოვის მექანიზმი” არ დაგვავიწყდეს, ის უმნიშვნელოვანესი დასკვნა იყო, რომელიც არ სრულდება იმ ეტაპით და იმ პროცესით, როდესაც დასკვნა იწერება, არამედ ეს არის პროცესი, როდესაც გაგრძელება იქნება უფრო მძიმე და მათ კარგად იციან, რომ “მოსკოვის მექანიზმის” დაწერილი უმძიმესი დასკვნა, რომელიც ითხოვს რეაგირებას და დაკვირვების პროცესშია ახლა “ოცნება”, რა გაუკეთეს ამ მოძალადეებს, რომლებიც უსასტიკეს დანაშაულებებს ჩადიოდნენ… სასიკვდილოდ იმეტებდნენ, ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ უდანაშაულო პატიმრებზე, რომელთა არაფერი არ დაუშავებიათ გარდა იმისა, რომ შეკრების უფლებით სარგებლობდნენ და საქართველოს მომავლის გამო ქუჩაში იდგნენ და ამ დროს, დღეს, ჯერაც ქართულ სამართალდამცავ სისტემას შიგნით ჰყავს ძალიან საშიში დამნაშავეები. […]
“ოცნებას” ახლა უნდა აჩვენოს, რომ ეუბნებიან ვინმე დასაჯეთ? – ახლა უნდათ აჩვენონ, აი ხომ 5 ადამიანი არის ამისთვის პასუხისგებაში მიცემული. ეს არის დასაწყისი,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს – განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გააკეთა.
ირკვევა, რომ 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.
