რუსეთი დარტყმებს აგრძელებს და ჩვენს სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებს მიზანში განზრახ იღებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის საჰაერო სივრცეში ასობით დრონი რჩება და შესაძლოა, დღის განმავლობაში დრონებით თავდასხმების რამდენიმე ტალღა განხორციელდეს.
„ღამით დარტყმები დნიპროსა და ხარკოვში მდებარე საცხოვრებელ და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე, ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურასა და პოლტავის ოლქის ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელდა. ჩვენი მებრძოლები ამ თავდასხმებს წინააღმდეგობას უწევენ და მხოლოდ გასულ ღამეს 111 დრონი გაანეიტრალეს“, – წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, „ყოველ ჯერზე, როდესაც ომი ახალი ამბებიდან ქრება, ეს რუსეთს უფრო მეტი სისასტიკისკენ უბიძგებს“.
„უკრაინას ყოველდღიურად თავის დასაცავად შესაძლებლობები სჭირდება და ამის უზრუნველყოფა მხოლოდ ძლიერი ერთობლივი მოქმედებით შეიძლება“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
