ქართველმა ხალხმა უფლის ცოცხალი სიტყვით ჰპოვა თავისი ნამდვილი სახე და ჭეშმარიტი ბუნება, საუკუნეებია, ჩვენი ქვეყანა იღვწის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება, ეცემა და ისევ ფეხზე დგება, – ამის შესახებ საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.
„ამ ღვთივკურთხეულ დღეს, სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში თქვენ წინაშე მდგარი ვმადლობ და ვადიდებ უფალს. ამავდროულად კი, მიპყრობს კრძალვა და სასოებით შევღაღადებ მას, „მაუწყე მე, უფალო გზა, რომელსაცა ვიდოდე“, ვსასოებ და მუხლს ვიყრი ყოვლადმოწყალე ღვთის წინაშე, რომლის განგებულებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდმა კრებამ დამადგინა ანდრია პირველწოდებულის მიერ საფუძველდადებული უძველესი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად. „არავინ თავისი თვისით მოიღის პატივი, არამედ რომელიც წოდებულ არს ღმრთისა მიერ“ – ამბობს მოციქული პავლე და მეც განცდელი ამ პატივის სიდიადისა და სიმძიმისა, სრულად ვარ მინდობილი ყოვლადწმინდა სამებას, რადგან ამ ჯვრის ტვირთვა ღვთის შეწევნის გარეშე კაცთათვის შეუძლებელია, მაგრამ მანუგეშებს და მამხნევებს უფლის სიტყვები: „არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ“.
2000 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით გამოემართა საქართველოსკენ, რათა უფლის კვართის მფლობელი ერი ქრისტეს ნათელს ზიარებულიყო. სწორედ უფლის ცოცხალი სიტყვით ჰპოვა ქართველმა ხალხმა თავისი ნამდვილი სახე და ჭეშმარიტი ბუნება. საუკუნეებია, იღვწის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება ჩვენი ქვეყანა. კარგავს ძვირფას მამულიშვილებს, მაგრამ კვლავ მრავლდება, ეცემა და ისევ ფეხზე დგება, რადგან მოციქულის ღვაწლით განათლებულმა თავის გულში ღრმად დაიმარხა უფლის სიტყვა და უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს. ქრისტიანობა ხომ მან საკუთარი იდენტობის, აზროვნების და თვითმყოფადობის ორიენტირად აქცია.
სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენი ეკლესია ჩვენი საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობას აღნიშნავს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს განადიდებს და მასთან ერთად წმინდა მოციქულ ანდრიას განადიდებს. ასეთ წუთებში განსაკუთრებით ვსასოებთ მათ და ვლოცულობთ, რომ უფლის დედის წილხვდომილობა და მადლი მაცხოვრის მიერ პირველწოდებული მოწაფის სიტყვის ძალა არასდროს მოჰკლებოდეს ჩვენს ერსა და ეკლესიას“, – განაცხადა შიო მესამემ.
