26 მაისი, 19:00 საათი – “ოპოზიციური ალიანსი” ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს თბილისში მასშტაბური აქციისთვის ემზადება.
პროტესტის მონაწილეები 26 მაისს, საღამოს შვიდ საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.
მასშტაბური აქციის წინ “ოპოზიციურმა ალიანსმა” საინფორმაციო კამპანიაც დაიწყო. 9 ოპოზიციური პარტიის ლიდერები მოქალაქეებს პირადად ხვდებიან და მოსაწვევებს ურიგებენ.
კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, მათ სურთ, რომ ციხეში მყოფ პატიმრებს, ასევე ემიგრანტებს დაანახონ, რომ ბრძოლა გრძელდება.
“ალიანსმა რომ დავაანონსეთ მობილიზაცია მოქალაქეების, ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი არის 26 მაისი, ყველას გვინდა რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდეს, გვინდა, რომ ერთმანეთი დავინახოთ, ერთმანეთს რწმენა დავუბრუნოთ, გვინდა, რომ მათ შორის ციხიდან პოლიტიკურმა და სინდისის პატიმრებმა დაინახონ, რომ აქ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია, გვინდა, ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან ასევე დაინახონ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენმა მეგობრებმა დასავლეთში დაინახონ, რომ აქ ცხოვრობენ თავისუფლების მოყვარული ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის თავისუფლებას არ დათმობენ, არ შეეგუებიან და არ დააცდიან იმას, რომ ეს ქვეყანა ვიღაცამ ჩეჩნეთად გადაარჩინოს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ 26 მაისს ვიყოთ რაც შეიძლება ბევრნი,” – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ 26 მაისამდე ქალაქში საინფორმაციო მსვლელობები ყოველდღე ექნებათ.
“26 მაისს, საღამოს 19:00 საათზე დავიძრებით უნივერსიტეტიდან და მივალთ რუსთაველზე, იქ შევიკრიბებით. დღეს რასაც ვატყობ, ბევრი ხალხი იქნება, ბევრი მოდის. ასე, რომ ვინც გვიყურებს ვეუბნებით, რომ არ გამოგრჩეთ, თქვენც უნდა მოხვიდეთ იმიტომ, რომ ერთად შეგვიძლია გამარჯვებას მივაღწიოთ, ერთ მუშტად შეკრულ ქართველს ერს ვერავინ წინ ვერ აღუდგება.
ყოველ დღე გვექნება ასეთი მსვლელობები მთელ ქალაქში, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევხვდეთ, ჩამოვართვათ ხელი, მოვიწვიოთ 26-ში და შევთავაზოთ საყოველთაო ერთიანობა,” – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
