26 მაისს ერთიანი განცხადება გაკეთდება ალიანსის სახელით, 26 მაისს იქნება ბევრი ადამიანი და იქნება პროტესტის გადატვირთვა, შედეგებამდე მივალთ ბევრად უფრო სწრაფად, – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი, თუმცა გადაწყვეტილება ალიანსის ცხრა სუბიექტმა უნდა მიიღოს.
„მე ვიტყოდი, რომ საჭიროა მეტი მუშაობა. ყველა პოზიციას განვიხილავთ და გაკეთდება ისე, როგორც შევთანხმდებით ყველანი. შეუძლებელია, რომ ცხრა წევრის მქონე სუბიექტი ისე წყვეტდეს, რომ ერთობლივი შეთანხმება არ მოხდეს. თუმცა, ყველას გვაქვს ჩვენი შეხედულება, პროცესები უფრო მწვავე უნდა იყოს თუ ნაკლებად უფრო მწვავე, ეს არ არის ცალკეული პარტიების თავმჯდომარეების შეხედულებები, ბუნებრივია, რომ ყველას აქვს უფლება, თავისი პოზიცია დააფიქსიროს, მით უმეტეს თუ გარეთ არ იმყოფება და სხვა შესაძლებლობა გარდა საჯარო განცხადებებისა, არ აქვს. უთანხმოებას რაც შეეხება, ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, არავის ეგონა, რომ ეს მარტივი პროცესი იქნებოდა. ძალიან რთული პრეისტორიები აქვს ბევრის ურთიერთობას ამ ალიანსში, ამიტომ პრობლემები იყო, ახლაც არის და ალბათ, ვვარაუდობ, რომ მომავალშიც იქნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეთანხმებულად მოქმედება და გადაწყვეტილების მიღება არ შეგვიძლია“, – განაცხადა გვარამიამ.
