ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, სურს აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერა, რომელიც წელიწადში 3.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ნულამდე შემცირდეს.
„წელიწადში 3.8 მილიარდ დოლარს ვიღებთ და ვფიქრობ, რომ დროა, უარი ვთქვათ დარჩენილ სამხედრო მხარდაჭერაზე. მე ვთქვი: „მოდით, ახლავე დავიწყოთ და მომდევნო ათწლეულის განმავლობაში გავაკეთოთ ეს““, – განუცხადა ნეთანიაჰუმ CBS-ს.
ნეთანიაჰუს თქმით, ხედავს, რომ შეერთებულ შტატებში ისრაელის მიმარ მხარდაჭერა შემცირდა და ეს „თითქმის 100%-ით კორელაციაშია სოციალური მედიის გეომეტრიულ აღმავლობასთან“.
„არის რამდენიმე ქვეყანა, რომლებმაც ძირითადად მანიპულირება მოახდინეს სოციალურ მედიაში. ისინი ამას ჭკვიანურად აკეთებენ და ეს არის ის, რამაც ძალიან დაგვაზარალა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ირანთან კონფლიქტში ჩინეთმაც ითამაშა თავისი როლი.
„ჩინეთმა გარკვეული მხარდაჭერა და რაკეტების წარმოების კონკრეტული კომპონენტები გასცა. თუმცა, ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ისრაელის პრემიერმა განაცხადა, რომ ის ისრაელ-ჰეზბოლას ზავისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს, თუმცა ირანი არ დაეთანხმება.
„ირანს სურს თქვას: „არა, იცით, თუ ჩვენ აქ ცეცხლის შეწყვეტას მივაღწევთ, იქაც გვინდა ცეცხლის შეწყვეტა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
