ბრძოლა გაგრძელდება ქვეყნის შიგნით შემდგომ ორ ინსტანციაში და საქმე აუცილებლად წავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში – ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, გიორგი და დავით მიქაძეების ადვოკატმა, შორენა ნიქაბაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქმეში მტკიცებულებად წარმოდგენილი იყო ერთადერთი პატაკი, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდა, რაც ადვოკატის განცხადებით, არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებებს.
“ეს არის პრეცედენტი, როდესაც შეკვეთით, ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას პროკურატურამ საფუძვლად დაუდო პატაკი, რაც სასამართლომ საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია. ეს არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებებს. ბუნებრივია, ბრძოლა გაგრძელდება ქვეყნის შიგნით შემდგომ ორ ინსტანციაში და საქმე აუცილებლად წავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. პატაკის საფუძველზეა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, მტკიცებულებების გარეშე, რაც თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან…
პატაკში ნახსენები ირაკლი უსოიანი, თუკი გამოძიებისთვის რაიმე ფორმით საინტერესო ფიგურა იყო და ის რაიმე ფორმით ამ დანაშაულში მონაწილეობდა, ის ამავე საქმეზე მინიმუმ გამოკითხული უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც ბოლოს წინა პროცესზე აღმოჩნდა, ის მთელი ამ ამბის მთავარ შემოქმედად დასახელდა, თუმცა დასახელების დონეზე დარჩა “,- განაცხადა შორენა ნიქაბაძემ.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები – დავით და გიორგი მიქაძეები, ასევეგიორგი ჯოხაძე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დამნაშავედ ცნო.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
