საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც ქართული ოცნება სრულად იქნება პასუხისმგებელი – ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშში, რომელიც კომიტეტმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო დოკუმენტს მხარი 53-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 14-მა მისცა. ანგარიშის ავტორი ლიეტუველი ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტიიდან“ რასა იუკნევიჩიენეა
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, „რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის დემოკრატიული უკუსვლის, მზარდი რეპრესიების, დაუნდობელი მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე“.
„ანგარიშის პროექტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ძირითადი ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლებია არიან საქართველოში დემოკრატიული უკუქცევის, არჩევნების გაყალბების, ადამიანის უფლებების დარღვევების და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, დაწესებული მიზნობრივი პერსონალური სანქციები წარმოადგენს დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს; მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში, სულ უფრო მეტი წევრი სახელმწიფო აწესებს ინდივიდუალურ სანქციებს ქართველი თანამდებობის პირების წინააღმდეგ; მოუწოდებს სხვა წევრ სახელმწიფოებს, მიბაძონ მათ.
[…]
ევროპარლამენტი აღნიშნავს კომისიის წინადადებას, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში, როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევის პირდაპირი შედეგი; წუხს, რომ დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი ქართველი თანამდებობის პირებისთვის ევროკავშირის მასშტაბით ვიზების აკრძალვა შეუძლებელი გახდა უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო; აფრთხილებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც სრულად პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ იქნება“ – აღნიშნულია დოკუმენტში.
“უმკაცრესად ვგმობთ TV იმედის, რუსთავი 2-სა და Pos TV-ის მიერ გავრცელებულ სისტემურ დეზინფორმაციას… მოვუწოდებთ EU-ს, განიხილონ შესაბამისი ზომები, მათ შორის სანქციები” – ნათქვამია საქართველოს შესახებ ანგარიშში.
