აბსოლუტური ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია – ასე ეხმაურება რუსთავის ქალთა ციხიდან ელენე ხოშტარია ფასების კომისიის დასკვნას.
წერილში, რომელიც “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ფბ- გვერდზე გავრცელდა, პოლიტიკოსი წერს, რომ ქვეყანა, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ივანიშვილის და მისი ოჯახის ნებით მოქმედებენ, არც ერთი სფერო არ არის თავისუფალი.
იმედი და მოლოდინი მაქვს, ალიანსი საზოგადოებას გააცნობს ხედვას, ამ ისტორიულ კონკრეტულ მომენტში საქართველოს ღირსეულ მთავრობას კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლია – წერს წერილში ელენე ხოშტარია.
“აბსოლუტური ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია, აქვს ნდობის დეფიციტი, მოქცეულია იზოლაციაში, თავისივე აღიარებით დიდი მასშტაბის კორუფციაა, სახელმწიფო ინსტიტუტები ივანიშვილის და მისი ოჯახის ნებით მოქმედებენ, საუკუნის უდიდესი თაღლითობა ივანიშვილის ოჯახით იმართება (ქოლცენტრები), ეროვნული ბანკი რუს ჯაშუშ მკვლელ ადამიანს კანონებს არგებს, მიგრაციის უპრეცედენტო მასშტაბია, ბიზნესს პოზიციის დაფიქსირება ეკრძალება და ბავშვების ჯანმრთელობა დეკლარირებულად არ აინტერესებთ.
ეკონომიკა რამე ცალკე აღებული სფერო კი არ არის – თავისუფალი ადამიანების თავისუფალი არჩევანის სამართლიანი თამაშის წესებზეა დამოკიდებული. ჩვენთან არც ადამიანია თავისუფალი, არც წესებია სამართლიანი და არც მსოფლიოსთვის ვართ საინტერესო.
ობიექტურად ამ კონკრეტულ ისტორიულ მომენტში გეოპოლიტიკა, ირანის ომის მიუხედავად, არნახული რესურსების მოზიდვის შანსს გვთავაზობს. ურთიერთკავშირი „ტელეფონის შნური“ კი არ არის, დოვლათის გზა არის, რომელსაც უდიდესი რესურსები, იდეები, სამუშაო ადგილები, ინფრასტრუქტურა და განვითარება მოჰყვება. ამას ერთადერთი რამე სჭირდება – რუსების ჩამოშორება და ოპოზიციის უნარი, იყოს ალტერნატივა.
იმედი და მოლოდინი მაქვს, ალიანსი საზოგადოებას გააცნობს ხედვას, ამ ისტორიულ კონკრეტულ მომენტში საქართველოს ღირსეულ მთავრობას კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლია – იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, ბიზნესის თავისუფლების წახალისება, საერთაშორისო პროექტები თუ სოციალური ვალდებულებები.
რუსთავის ქალთა ციხე
02/05/2026” – წერს ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
დაპირების მოუხედავად, აპრილის ბოლოსთვის ფასების შემცირება არ დამდგარა. 1 მაისს ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და საბოლოო დასკვნა წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ პროდუქტების გაიაფება მოკლევადიან პერიოდში ვერ მოხერხდება.
კომისიის თავმჯდოამრემ, შოთა ბერეკაშვილმა ბოლო სხდომაზე თქვა, რომ ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია.
დასკვნის მიხედვით, ბაზარზე ფასების ფორმირებას გავლენას ახდენს გრძელი და არაეფექტური მიწოდების ჯაჭვი, მაღალი ოპერაციული ხარჯები და სექტორის სტრუქტურული თავისებურებები. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეები ხშირად პროდუქტებს ფასდაკლებების პერიოდში ყიდულობენ, ხოლო მცირე ბიზნესისთვის ბაზარზე ოპერირება რთულია.
