რუსული Telegram-არხი Faridaily ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, 18 აპრილს რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, დენის ბუცაევი რუსეთიდან საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა.
Faridaily აღნიშნავს, რომ გამგზავრების მომენტში ის ჯერ კიდევ მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა – რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ბუცაევის გადადგომის განცხადებას ხელი მისი წასვლის შემდეგ, 22 აპრილს, მოაწერა.
Telegram-არხის წყაროების ინფორმაციით, ბუცაევი ნაჩქარევად გაემგზავრა მინსკში, იქიდან კი – თბილისში. საბოლოოდ, როგორც არხს ორი წყარო უყვება, მან შეერთებულ შტატებში ჩასვლა შეძლო.
ბუცაევი არ ფიგურირებს აშშ-ს, კანადის, გაერთიანებული სამეფოს ან ევროკავშირის სანქცირებულთა სიებში. Faridaily აღნიშნავს, რომ მისი ქვეყნიდან წასვლა არის პირველი ცნობილი შემთხვევა, როდესაც ასეთი მაღალი დონის მოქმედმა ჩინოვნიკმა ქვეყანა დატოვა.
რუსული Telegram-არხი ბუცაევის გაქცევას წარსულში, 2020-დან 2025 წლის მარტამდე, მის რუსეთის ეკოლოგიური ოპერატორის (РЭО) ხელმძღვანელად მუშაობას უკავშირებს. აპრილში რუსულ ანონიმურ Telegram-არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ РЭО-ს ახალი ადმინისტრაციული დირექტორის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლით (თაღლითობა). გამოცემა Ведомости-მ წყაროებზე დაყრდნობით ასევე დაწერა, რომ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა РЭО-ს კიდევ ორი მენეჯერის წინააღმდეგ. გაზეთის ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში თავად ბუცაევიც არის მოხსენიებული.
“[ბუცაევს] გაუმართლა, რომ ჰყავდა მეგობრები, რომლებმაც დროულად გააფრთხილეს” – აღნიშნავს Faridaily-ის ერთ-ერთი წყარო, რომელიც მთავრობასთან არის დაახლოებული.
აღსანიშნავია, რომ Ведомости-ის წყაროების ნაამბობი Faridaily-ის ინფორმაციისგან განსხვავდება. გაზეთმა დაწერა, რომ ბუცაევმა რუსეთი, 22 აპრილს, მისი გადადგომის შესახებ პრემიერმინისტრის განკარგულების შემდეგ დატოვა რუსეთი და აშშ-ში მინსკის გავლით გაემგზავრა. გამოცემა ბუცაევის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ არ წერს.
ცნობისთვის ბუცაევი მანამდეც მაღალ თანამდებობებს იკავებდა, როგორიცაა მოსკოვის საკრებულის თავმჯდომარის მოადგილე, ბელგოროდის ოლქის ვიცეგუბერნატორი და ა.შ.
