პოლონეთში მოკლული 37 წლის გიორგი ჭილაშვილის დედა აცხადებს, რომ მის შვილზე თავდასხმაში დაახლოებით 8 პირი მონაწილეობდა – ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. მათივე ცნობით, მოკლულის დედამ პოლონეთში საქართველოს საკონსულოს მიმართა, რადგან მიიჩნევს, რომპროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრულად არ ასახავს მომხდარს.
პოლონეთის პროკურატურამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 37 წლის კაცს 25 აპრილის ღამით ქალაქ გორჟოვ-ველკოპოლსკიში სასიკვდილოდ სცემეს. მათივე ცნობით, “სამი ნაცნობი ქუჩაში სეირნობდა და ალკოჰოლს მოიხმარდა, რა დროსაც ორმა მათგანმა ახალგაზრდა კაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მას სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის თავზე, მუშტებითა და წიხლებით სცემეს”. უწყების ინფორმაციით, მიყენებული დაზიანებების შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
პროკურატურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158 3 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ბრალდებულებს ამჟამად სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ჭილაშვილის საქართველოში გადმოსვენება ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
