არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ირაკლი შაიშმელაშვილი სამართალდამცავებს მოუწოდებდა საბრძოლო სულისკვეთების დაკარგვისკენ ან იმგვარი ქმედებისკენ, რაც შეიძლება შეფასდეს დემორალიზაციად. საქმეში წარმოდგენილი მასალები არა ბრალეულობაზე, არამედ მისი არარსებობაზე მიუთითებს, რაც გამამართლებელი განაჩენის ერთადერთი სამართლებრივი საფუძველია, – ასე მიმართა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის ადვოკატმა, ნათია მეზვრიშვილმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს.
ადვოკატი სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგა და აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მასალები არ ამყარებს ბრალდებას, შესაბამისად, ბრალდების მიერ მითითებული დანაშაულის შემადგენლობა არ დგინდება.
ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ირაკლი შაიშმელაშვილი 17 წლის ასაკიდან იყო ჩართული სახელმწიფო სამსახურში და 22 წლის განმავლობაში ღირსეულად, მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობითა და ერთგულებით ემსახურა საკუთარ სამშობლოს, მრავალწლიანი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფოს უსაფრთხოების, სტაბილურობისა და საზოგადოების დაცვისკენ.
„თუმცა, დროთა განმავლობაში სისტემაში განვითარებულმა პროცესებმა, მათ შორის პოლიტიკურმა და ინსტიტუციურმა ცვლილებებმა, შექმნა გარემო, რომელიც მისი პროფესიული ეთიკისა და პიროვნული ღირებულებებისათვის შეუთავსებელი გახდა. ასეთ პირობებში მან მიიღო რთული, თუმცა პრინციპული გადაწყვეტილება – დაეტოვებინა სისტემა და საჯაროდ გაემიჯნა იმ ძალადობრივ რეჟიმს, რომელიც შექმნა „ქართულმა ოცნებამ“.
მისი ქვეყნიდან გასვლა არ ყოფილა კომფორტის ან პირადი ინტერესის გამო მიღებული გადაწყვეტილება. იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო და სხვა ქვეყანაში გადასულიყო, რადგან მას სხვა გზა აღარ დაუტოვეს. მიუხედავად ამისა, ირაკლი შაიშმელაშვილი დღესაც ერთგულია იმ ღირებულებების, რომლებიც უკავშირდება ქვეყნის ევროპულ მომავალსა და დემოკრატიას“, – განაცხადა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ ირაკლი შაიშმელაშვილი არ გაქცევა მართლმსაჯულებას და არც დამალულა.
რაც შეეხება პროკურატურის მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ადვოკატის განმარტებით, ძირითადი მტკიცებულება არის სამი ვიდეომასალა, რომლებიც, მათი შინაარსის ანალიზით, არის არასრული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი, თუმცა ასეთი სახით მოტანილ მტკიცებულებებშიც კი არ იკვეთება არც ძალადობისკენ და არც რაიმე უკანონო ქმედებისკენ პირდაპირი ან ირიბი მოწოდება. ადვოკატის თქმით, მტკიცებულება ვერ ადასტურებს დანაშაულის არც ერთ აუცილებელ ელემენტს.
„[ვიდეოები] ადასტურებს მხოლოდ ერთს: ბრალდების მხარე ცდილობს იმ შინაარსის კრიმინალიზაციას, რომელიც თავისი ბუნებით წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.
ირაკლი შაიშმელაშვილის საჯარო მიმართვები სრულად თავსდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, რომელიც გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა
ადვოკატის თქმით, სასამართლო განხილვის ფარგლებში დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები – საქმის მთავარი გამომძიებელი კონსტანტინე კერესელიძე და პატაკის ავტორი ილია ბერიაშვილი, რომელთა ჩვენებებმაც ვერ დაადასტურა ბრალდების არსი.
„შემდეგი მტკიცებულება, რომელიც პროკურატურამ წარმოადგინა, იყო მოქალაქე ნანა სანდერის პოსტი, სადაც იგი ამტკიცებს, რომ ირაკლი შაიშმელაშვილი საქმის ორგანიზატორია. თუმცა პროკურატურას ამ განცხადებაზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია – ნანა სანდერი ამ საკითხზე არ დაუკითხავთ და მისი ინფორმაციის სისწორე არ გადაუმოწმებიათ. გაურკვეველია, ეფუძნება თუ არა მისი განცხადება რეალურ გარემოებებს და საერთოდ იცნობდა, თუ არა იგი ირაკლი შაიშმელაშვილს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნანა სანდერი თავად ფიგურირებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის სტატუსით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ადვოკატის თქმით, მოცემულ საქმეში ბრალდების შინაარსი არა მხოლოდ დაუდასტურებელია, არამედ თავისი არსით აშკარად აბსურდულიცაა.
„ბრალდება აგებულია იმაზე, რომ ჩვეულებრივი, საჯარო და კონსტიტუციით დაცული განცხადებები შეფასდეს როგორც დანაშაულებრივი ქმედება, მაშინ როდესაც მათში არ იკვეთება არც ერთი ის ელემენტი, რომელიც აუცილებელია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასადგენად.
საქმეში არ დგინდება: არც ძალადობისკენ მოწოდება; არც რაიმე უკანონო ქმედებისკენ წახალისება; არც კონკრეტული ქმედება, რომელიც შეიძლება შეფასდეს დანაშაულად; არც შედეგი და არც მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარე ცდილობს, ამავე მასალებს მიანიჭოს სისხლის სამართლებრივი შინაარსი მხოლოდ მათი ინტერპრეტაციის საფუძველზე“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა“, – განაცხადა ადვოკატმა.
