მარტში ტურიზმის სექტორში კლება დაფიქსირდა – ინფორმაციას BMG საქსტატზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში მარტში ზრდა დაფიქსირდა, ხოლო კლება აღინიშნა ტურიზმის – ანუ სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურებების სექტორში.
“2026 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების, ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში” – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
ამავე მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. საქსტატის ცნობით, იანვარ-მარტში საქართველოს ჯამურად 994.8 ათასი ვიზიტორი ჰყავდა. მონაცემებით ირკვევა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 1.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი – 45.7%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. საქსტატის მონაცემებით, 1.3 მლნ შემოსვლიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 0.2%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
