იდენტიფიცირებულნი არიან სპეცრაზმელები, რომლებიც ენმ-ს თქმით, 2024 წლის 30 აპრილს ლევან ხაბეიშვილის გატაცებასა და წამებაში მონაწილეობდნენ – როგორც საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე, ენმ-ს წევრმა მარიამ დოლიძემ განაცხადა, ხაბეიშვილზე განხორციელებულ ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობდნენ გდდს სპეციალური ოპერაციების მართვის სამმართველოს თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსი – იაგო ახალკაცი, სამმართველოს უფროსები – ლაშა ჭიკაიძე, იოსებ კობახიძე, ანზორ ხმიადაშვილი, ასევე მასების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი – დავით ყამარაული.
მისივე განცხადებით, ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ “ხარება” და მისი მოადგილზე მირზა კეზევაძე. მარიამ დოლიძე ასახელებს პოლიციის მაღალჩინოსნის, გოგა მემანიშვილის გვარსაც.
ენმ გენერალური პროკურორისგან ითხოვს, გამოიკვლიოს არსებული საკითხი და დადგეს შესაბამისი პირების მართლმსაჯულების საკითხი.
“ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მართვის სამმართველოს თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსი – იაგო ახალკაცი, სამმართველოს უფროსები – ლაშა ჭიკაიძე, იოსებ კობახიძე, ანზორ ხმიადაშვილი, ასევე მასების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი – დავით ყამარაული. სწორედ ეს ადამიანები არიან ის სავარაუდო დამნაშავეები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ლევან ხაბეიშვილის გატაცებასა და წამებაში 2024 წლის 30 აპრილს. ასევე ჩემს ხელთა არსებული ინფორმაციით, იაგო ახალკაცს, დავით ყამარაულს და ასევე ლაშა ჭიკაიძეს, ლევან ხაბეიშვილის წამებისთვის ჯილდოს სახით გადაეცათ ცეცხლსასროლი იარაღები.
ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ ზვიად ხარაზიშვილი, იგვე “ხარება”, გდდ-ს დირექტორის მოადგილე – მირზა კეზევაძე, საპატრულო პოლიცის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი. სწორედ ეს ადამიანები ახდენდნენ ლევან ხაბეიშვილის წამებისას ფოტო-ვიდეო გადაღებას და შემდგომ უკვე გავრცელებას.
მე მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს, მოახდინოს მყისიერი რეაგირება ორი წლის თავზე, გამოიკვლიოს არსებული საკითხი და დადგეს მართლმსაჯულება”, – განაცხადა მარიამ დოლიძემ.
დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან მარიამ დოლიძე ლაშა ტყეშელაძესთან და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
