„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ სთავაზობენ დებატებს საკითხზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ფასების სტაბილურობისთვის.
როგორც ფარულავამ აღნიშნა, ქვეყანაში არსებული მაღალი ფასების უკან „ქართული ოცნების“ კორუფციული ინტერესები დგას.
„ოცნებას“ არაფრის შეთავაზება არ შეუძლია ქართველი ხალხისთვის იმიტომ, რომ მაღალი ფასების უკან დგას მათი კორუფციული ინტერესი, კორუფციული წილი, სწორედ ამიტომ გააძვირეს დენის ტარიფი, სწორედ ამიტომ არის მაღალი ფასები საწვავზე და სწორედ ამის გამო უჭირთ ჩვენს თანამოქალაქეებს სოფლად. ამიტომ, ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ვთავაზობთ ივანიშვილის ბანდიტურ დაჯგუფებას დებატებს იმაზე, თუ რა ნაბიჯები გადაიდგას ფასების სტაბილურობისთვის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამი ნაბიჯი, რომლითაც საწვავის ღირებულებას 30-40 თეთრით გავაიაფებთ, ჩვენ გვაქვს ინიციატივა როგორ შევაჩეროთ დენის ტარიფი, ჩვენ გვაქვს ინიციატივა, როგორ დავეხმაროთ სოფლად მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
