ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე – ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ხმაურიანი საქმის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს. განსასჯელის სკამზე ზის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული გიორგი მიქაძე (დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საქართველოში არ არიან, მათზე ძებნაა გამოცხადებული).
ამ წუთებში სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე რეპლიკის რეჟიმში დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას პასუხობს. ამის შემდეგ კი არ არის გამორიცხული თბილისის ცენტრში ჩაცხრილული ბიზნესმენის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა განაჩენი დღეს გამოაცხადოს.
“დღეს ბრალდების მხარე წარადგენს რეპლიკას დაცვის მხარის დაუსაბუთებელ დასკვნით სიტყვაზე. დღეს დაანახებს ბრალდების მხარე სასამართლოს, თუ რამდენი არასწორი ინფორმაცია მიაწოდა დაცვის მხარემ. როგორც სამართლებრივ ნაწილს გავუბათილებთ დაცვის მხარე, ისე ფაქტობრივ ნაწილს. ბრალდებსი მხარეს აქვს ერთი მოლოდინი, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების შედეგად სრულა გამამტყუნებელი განაჩენი დადგება”, – განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ პროცესის დაწყებამდე.
დღეს სასამართლოს პერიმეტრზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული – ადგილზე სამართალდამცველები და კრიმპოლის ხელმძღვანელი პირები არიან მობილიზებულები, რადგან ხშირია ხოლმე შემთხვევა, როცა მიქაძე/ჯანგველაძის გარემოცვის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
