ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ორი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა.
კითხვაზე, იყო თუ არა განხილული ეს საკითხი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტისას, მისი თქმით, ის ამაზე საჯარო განცხადების გაკეთებას არ აპირებს.
„რაც შეეხება გარეჯის თემას, გეტყვით, რომ ცვლილება არ გვაქვს. რაც შეეხება სხვა განცხადებებს, საჯაროდ არ გავაკეთებ. ცვლილება, ამ ეტაპზე, არ გვაქვს, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. ამ ორი წლის განმავლობაში, ჩვენ ცვლილება არ გვაქვს, დანარჩენზე განცხადებებს არ გავაკეთებ. შეიძლება ვისაუბრეთ, შეიძლება არ გვისაუბრია, ამაზე საჯარო განცხადებებს არ გავაკეთებ“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, კობახიძის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი, ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამასთან, როგორც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, „როგორ შეიძლება ზურაბ პატარაძეზე ილაპარაკო, რომ ის წარმატებული საჯარო მოხელეა და ყველა მისიას კარგად გაუძღვა, როცა 6 წლის შემდეგ, აზერბაიჯანიდან ბრუნდება და არც ჩიჩხიტურის და ზოგადად, გარეჯის პრობლემა საქართველოს სასარგებლოდ გადაჭრილი არ არის“.
