დაჯარიმებული მძღოლების გაზრდილ მაჩვენებელს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი შეფასებით, ქვეყანაში მოქმედი ჯარიმების პოლიტიკა მოქალაქეების მიმართ მკაცრ და უსამართლო მიდგომაზე მიუთითებს და “ქართული ოცნების” ხელისუფლების ფინანსურ პოლიტიკას უკავშირდება.
“ის თუ რა გავეშებული აჯარიმებენ მძღოლებს ყველანაირ წვრილმანზე, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს.
იმ პირობებში, როცა ბიუჯეტიდან დიდი ნაწილი მოიპარეს, ახლა სიპებში და აიპებში დასაქმებული მუქთახორა ქოც-აქტივის ხელფასის ფული სურთ ამოიღონ მძღოლებისგან, ავტობუსების მგზავრებისგან და ყველა სხვა მოწყვლადი კატეგორიისგან” – წერს მიხეილ სააკაშვილი.
თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 181.6%-ით გაიზარდა – 3 თვეში ხაზინა 5.4 მლნ ლარით შეივსო – ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს იანვარ-მარტში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 5 440 758 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 1 932 071 ლარი.
