ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს “ღია მმართველობის პარტნიორობიდან” (OGP) გარიცხვას ეხმაურებიან.
მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, გაძევება რეალურად სახელმწიფო ინსტიტუტები თავად ვერ აკმაყოფილებენ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) თავმჯდომარე, თამარ ონიანი აცხადებს, რომ OGP-დან გარიცხვა დასტურია, რომ ქვეყანა დემოკრატიულ პრინციპებს დაშორდა და საქართველოში ადამიანების კეთილდღეობა გაუარესდა.
“ღია მმართველობის პარტნიორობიდან” საქართველოს გარიცხვა რეალურად ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები თავად ვერ აკმაყოფილებენ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს და ეს ყველაფერი მათ შორის მოხდა იმის გამო, რომ თავად სახელმწიფო ამ გამჭვირვალობის საფუძვლით, ფიქციურად ებრძოდა და ებრძვის უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მედია ორგანიზაციებს, მაშინ, როდესაც ამ თემატური, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივიდან ხდება საქართველოს გარიცხვა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მათ შორის კორუფციასთან ბრძოლას, შესაბამისად ინდივიდუალური ადამიანების კეთილდღეობას. ამიტომაც, ამიერიდან რეალურად დადასტურდა ის, რომ ქვეყანა დაშორდა მთავარ დემოკრატიულ პრინციპებს ანგარიშვალდებულების კუთხით, რამაც კიდევ უფრო რეალურად გააუარესა ადამიანების კეთილდღეობა ქვეყანაში,” – განაცხადა თამარ ონიანმა.
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი აღნიშნავს, რომ “ღია მმართველობის პარტნიორობიდან” საქართველოს გარიცხვა უდიდესი სირცხვილი და დარტყმაა იმ ძალისხმევაზე, რომელიც ამ ათწლეულის განმავლობაში ჩაიდო OGP-ის ფარგლებში ჩვენ ქვეყანაში.
ეს არის უდიდესი სირცხვილი, დარტყმა იმ უდიდეს ძალისხმევაზე, რომელიც ამ ათწლეულის განმავლობაში ჩაიდო OGP-ის ფარგლებში ჩვენ ქვეყანაში, აქ ჩართული იყო როგორც ხელისუფლების სხვადასხვა შტო, აქ ჩართული იყვნენ სამოქალაქო ორგანიზაციები, აქ ჩართული იყვნენ ექსპერტები, დონორები და საერთაშორისო ორგანიზაციები და ეს ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ეს არის ძალიან საწყენი და სამარცხვინო, რადგანაც საქართველო იყო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელმაც, ახსოვს საზოგადოებას, როდესაც საქართველომ უმასპინძლა “ღია მმართველობის პარტნიორობის” გლობალურ სამიტს 2018 წელს.
რა დიალოგზე და OGP-ზე არის საუბარი, როდესაც პრაქტიკულად ორგანიზაციები გააუქმეს, შექმნეს ისეთი გარემო, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებს არანაირად აღარ აქვთ საშუალება, რომ იფუნქციონირონ და რაიმე საქმიანობა განახორციელონ,” – ამბობს გიორგი კლდიაშვილი.
ცნობისთვის, “ღია მმართველობის პარტნიორობამ” (OGP) საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობა სამუდამოდ შეაჩერა. ამის შესახებ გადაწყვეტილება OGP-იმ რეაგირების პოლიტიკის შესაბამისად, სამეთვალყურეო კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ გუშინ, 22 აპრილს გამოაქვეყნა.
