ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა და ისრაელის თავდაცვის ძალებმა ისრაელელი ჯარისკაცის მიერ სამხრეთ ლიბანის ქრისტიანებით დასახლებულ სოფელში იესოს ქანდაკების დამსხვრევა დაგმეს.
„გავოგნდი და მწუხარება განვიცადე, როდესაც შევიტყვე, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცმა სამხრეთ ლიბანში კათოლიკური რელიგიური ხატი დააზიანა. უმკაცრესად ვგმობ ამ ქმედებას. სამხედრო ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიებას აწარმოებს და დამნაშავის მიმართ შესაბამის მკაცრ დისციპლინურ ზომებს მიიღებს. გამოვთქვამთ მწუხარებას ამ ინციდენტის და იმ ტკივილის გამო, რაც მან ლიბანსა და მთელ მსოფლიოში მორწმუნეებს მიაყენა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
განცხადება გაავრცელა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმაც, რომელმაც ჯარისკაცის ქმედებას სამარცხვინო უწოდა.
„ბოდიშს ვიხდით ამ ინციდენტისთვის და ბოდიშს ვუხდით ყველა ქრისტიანს, ვისი გრძნობებიც შეურაცხყვეს“, – განაცხადა საარმა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.
„ისრაელის თავდაცვის ძალები ინციდენტს დიდი სერიოზულობით ეკიდება და ხაზს უსვამს, რომ ჯარისკაცის საქციელი სრულიად შეუსაბამოა ჯარისკაცებისგან მოსალოდნელ ღირებულებებთან“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ცნობისთვის, შაბათ-კვირას ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზედაც ჩანს, რომ ჯარისკაცი იესოს ქანდაკებას ნაჯახს ურტყამს.
