“ბრიუსელის შუამავლობით უკრაინისგან მივიღეთ სიგნალი, რომ ისინი მზად არიან, უკვე ორშაბათიდანვე აღადგინონ ნავთობის მიწოდება დრუჟბას ნავთობსადენით, თუ ამის შემდეგ უნგრეთი მოხსნის ბლოკს ევროკავშირის 90 მილიარდ ევროიან საკრედიტო ხაზს.
უნგრეთის პოზიცია უცვლელია: თუ იქნება ნავთობი, იქნება ფულიც. როგორც კი ნავთობის მიწოდება აღდგება, ჩვენ აღარ შევაფერხებთ საკრედიტო ხაზის დამტკიცებას. სესხის გაცემა უნგრეთისთვის არანაირ ფინანსურ ტვირთსა და პასუხისმგებლობას არ წარმოადგენს” – წერს საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებული ორბანი სოციალურ ქსელში.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ დრუჟბას მილსადენს აპრილის ბოლომდე შეაკეთებდა: “როგორც დაგპირდით, აპრილის ბოლომდე ის შეკეთდება, არა სრულად, მაგრამ საკმარისად იმისთვის, რომ ფუნქციონირება შეძლოს”.
დრუჟბას მილსადენი უნგრეთს უკრაინის გავლით რუსული ნედლი ნავთობით ამარაგებდა. 27 იანვარს უკრაინაში განაცხადეს, რომ რუსული დრონების შეტევის შედეგად დრუჟბას მილსადენი დაზიანდა, რის გამოც უნგრეთს ნავთობის მიწოდება შეუწყდა. უნგრული მხარე უკრაინას ადანაშაულებდა, რომ მათ დრუჟბას მილსადენი განზრახ, პოლიტიკური მიზეზებით დააზიანეს.
