“თუ რუხაძე ტელეკომპანია „იმედს“ იყენებდა რუსული პროპაგანდისთვის და რუსეთის სასარგებლოდ, რატომ არ შეიძლება გამოეყენებინა „ლიბერთი ბანკი“ ზუსტად იგივე მიზნებისთვის?” – ბესიკ დონაძემ „მეტრონომთან“ საუბრისას განაცხადა, რუხაძის მიერ ლიბერთი ბაკის გაყიდვის შესახებ.
“თვითონ რუხაძე არის დასანქცირების ერთ-ერთი კანდიდატი, გამომდინარე იქიდან, რომ ის ხელმძღვანელობდა ტელეკომპანია „იმედს“ და ის დასანქცირდა იმის გამო, რომ რუსულ პროპაგანდას ავრცელებდა. შესაბამისად, მაღალი რისკი არსებობს „იმედის“ მფლობელების დასანქცირების და, შესაბამისად, ყველა ის ბიზნესი, რომელსაც ფლობს რუხაძე, დგება სანქციების ქვეშ – არის ამის რისკი”, – განაცხადა ბესიკ დონაძემ.
დონაძის თქმით, არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები, მათ შორის – შეიძლებოდა თუ არა „ლიბერთი ბანკის“ გამოყენება რუსეთის სასარგებლოდ ფინანსური ოპერაციებისთვის?
“ასევე არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხი არ გაუციათ: თუ რუხაძე ტელეკომპანია „იმედს“ იყენებდა რუსული პროპაგანდისთვის და რუსეთის სასარგებლოდ, რატომ არ შეიძლება გამოეყენებინა „ლიბერთი ბანკი“ ზუსტად იგივე მიზნებისთვის, რუსეთის სასარგებლოდ, ზუსტად მაშინ, როდესაც რუსეთს ჰქონდა ძალიან ბევრი ფინანსური პრობლემა, ვალუტასთან დაკავშირებით და სხვა. ასევე, რუსეთში მცხოვრებ ოლიგარქებს, რომელთაც აქვთ დიდი ფინანსური პრობლემები – ამის რისკიც არსებობს. შესაბამისად, ახლა რუხაძე ცდილობს გარკვეული ბიზნესები მოიშოროს და რაღაცნაირად გასუფთავდეს. სხვა შემთხვევაში დასანქცირდება ყველაფერი, რაც მასთან იქნება შემხებლობაში, და ამის ერთი ფაქტი უკვე არსებობს.
ის, რომ რეგულატორმა, ეგრეთწოდებულმა ეროვნულმა ბანკმა, სწრაფად გააკეთა ეს საქმე, მაშინ, როდესაც სხვა ბანკებთან მიმართებაში ასეთი სწრაფად არ ასრულებს პროცედურებს – აქ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანია. ყოველ შემთხვევაში, ეს ყველაფერი სახელმწიფო დონეზე არის გადაწყვეტილი და შეთანხმებული. არც რუხაძეა ის, ვინც „ქართული ოცნებისგან“ შორს იდგეს. რუხაძე მაქსიმალურად ცდილობს ჩამოშორდეს ისეთ ბიზნესს, რომელიც შესაძლოა დასანქცირდეს რუსეთთან კავშირების გამო. რუხაძე არ გასულა ჰაიდელბერგიდან, იმ ბიზნესიდან, რომელიც აქვს მას ივანიშვილთან ერთად”, – აღნიშნა ბესიკ დონაძემ „მეტრონომთან“.
მისივე განცხადებით, „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვა შესაძლოა უკავშირდებოდეს სანქციების თავიდან აცილების მცდელობას, რადგან ბანკის დასანქცირება სრულად გააჩერებდა მის საქმიანობას.
“გავიდა „ლიბერთიდან“, გავიდა „იმედიდან“, შესაბამისად, კითხვებიც იმიტომ გვაქვს, რომ „ლიბერთი ბანკი“ ხომ არ იყო ის ბანკი, რომელიც ეხმარებოდა სანქცირებულ რუს ოლიგარქებს და იქიდან ხომ არ ხდებოდა გარკვეული გადარიცხვები, და მასაც ჩაეხსნა. რუხაძემ კარგად იცის დასანქცირების ეფექტი და თავადაც ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ თუ ბანკი დასანქცირდა, ეს ნიშნავს იმას, რომ სრულად შეწყვეტს მუშაობას, ამიტომ სწრაფად იქნა გადაწყვეტილება მიღებული. შესაძლებელია, „ლიბერთი ბანკი“ სრულად გაქრეს ან სახელწოდება შეეცვალოს – უკვე სხვა ბანკმა იყიდა, სხვა სუბიექტი გახდა. მარტივად რომ ვთქვათ, გადაარჩინა პირველ ეტაპს. ვნახოთ, შემდეგ დავაკვირდებით, მოვლენები როგორ განვითარდება”, – თქვა ბესიკ დონაძემ.
ცნობისთვის: ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია იმედის შემდეგ ლიბერთი ბანკიც ახალ მფლობელს ოფიციალურად გადააბარა. აქციების 95.99 % ახლა “ბაზის ბანკის” მფლობელობაშია. კომპანიის, რომლის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარი იყო, გაყიდვის გადაწყვეტილებას მხარეები მათთვის მომგებიანი ფინანსური გარიგებით ხსნიან.
„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი “ბაზისბანკის” გენერალური დირექტორი დავით ცაავა იქნება. ახალი მფლობელების განმარტებით, მომხმარებლებისთვის ორივე ბანკის ფუნქციონირება შეუფერხებლად გრძელდება.
