“ქართული ოცნებას“ არაბ პარტნიორებთან განმარტებების გაკეთება მოუწია. საკითხი უკავშირდება მასშტაბურ პროტესტს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლების მიერ დადებულ შეთანხმებას მოჰყვა და კრწანისის ტყე-პარკში დაგეგმილ მშენებლობას ეხება.
არსებული ინფორმაციით, თურქეთში ვიზიტის დროს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, გაფრთხილება მისცა არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური ეროვნული საბჭოს პრეზიდენტმა, რომელმაც მოითხოვა, რომ შეწყდეს ის კამპანია, რომელიც საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ არსებობს.
ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროტესტი მცირე ჯგუფების მიერ არის ორგანიზებული და მას ეკონომიკურ საბოტაჟად აფასებენ.
ოპოზიციაში მმართველი გუნდის შეფასებებს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ “არაბული ინვესტიციების“ საკითხი გაუმჭვირვალეა. მათი თქმით, პროექტებთან დაკავშირებით საზოგადოებას სრული ინფორმაცია არ მიეწოდება და სწორედ ეს აჩენს დამატებით კითხვებს.
“ძლიერი საქართველოს” ლიდერი ირაკლი კუპრაძე, აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტი რეალურ ინვესტიციებს არ ეფუძნება და „სამშენებლო პირამიდის“ ნიშნებს ატარებს.
“თავის შინაარსში, რა თქმა უნდა, კომიკურია, საერთოდ, რაიმე ტიპის არაბულ ინვესტიციაზე საუბარი. ის პროექტი, რომელიც დგას ყალბ ინვესტიციებზე და მისი პრომო ბიჭუნა იყო პრემიერი ირაკლი კობახიძე, ამ კომპანიას არცერთი თეთრი ინვესტიცია არ ჩაუდია პროექტში. რეალურად, ეს არის ასმშენებლო პირამიდა, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული ბიუჯეტია ჩადებული. გაყოდულია ასობით ბინა ისე, რომ ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი პროექტი, არანაირი ნებართვა. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობდით სიმართლეს და აქ არანაირი საერთაშორისო ან საგარეო ინვესტიციებზე საუბარი არ არის. ეს არის ყალბი პირამიდა, რომელიც ეხება მხოლოდ და მხოლოდ “ქართული ოცნების” და ივანიშვილის ინტერესებს” – ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ამავე საკითხზე შეფასება გააკეთა ოპოზიციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ბესიკ დონაძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულების პირობების გაუმჭვირვალობაზე.
“არანაირი ინვესტიცია არ განხორციელებულა. ჩვეულებრივად მშენებარე სახლები იყიდება და ამ ფულს იხდის ის კონკრეტული მყიდველი, რომელსაც უნდა მანდ სახლის ყიდვა. ე.წ. არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით საკითხი დგას ძალიან მარტივად: სანამ არ გასაჯაროვდება ის ხელშეკრულება თუ რა პირობებით აპირებენ ამ მიწის ნაკვეთების გადაცემას ან ზოგადად, ამ პროექტის განხორციელებას, მანამდე იქნება ეს გაურკვევლობა” – ამბობს ბესიკ დონაძე.
პროექტები, რომელთაც აქტივისტები აპროტესტებენ, ორი მსხვილი ურბანული განაშენიანების გეგმას მოიცავს:
თბილისში, კრწანისის ტყე-პარკსა და მიმდებარედ 600 ჰექტარზე ახალი ქალაქის შექმნა;
გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე 250 ჰექტარზე მასშტაბური „არაბული ქალაქის“ აშენება.
