პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ძებნილად გამოცხადებული მამაკაცი, პანკისის ხეობის სოფელ დუისის მკვიდრია.
48 წლის ნაზგურ ქავთარაშვილს საკუთარი შვილის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა და დაუხმარებლობა ედება ბრალად.
სოფელ დუისში მცხოვრები პირის ინფორმაციით, მამაკაცს პანკისში ოჯახი ჰყავდა. მოგვიანებით, ის საცხოვრებლად სხვა სოფელში გადავიდა, სადაც გარდაცვლილი ბავშვის დედა გაიცნო და მასთან ერთად, პოლონეთში გაემგზავრა.
ქალაქ პოზნანის პროკურატურის მასალების მიხედვით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჩვილი პოზნანის პედიატრიულ ცენტრში 2 აპრილს შეიყვანეს, სადაც 8 აპრილს გარდაიცვალა.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბავშვს თავის ქალის მოტეხილობა, ტვინის დაზიანებები და სხეულზე მრავლობითი ძველი და ახალი ტრავმები აღენიშნებოდა, რაც სისტემატურ ძალადობაზე მიუთითებდა.
ამ ეტაპზე დაკავებულია ჩვილის დედა და მისი ორი ნაცნობი მამაკაცი, რომლებსაც ასევე ჩვილის მძიმე მდგომარეობაში ჩაგდება ედებათ ბრალად.
ნაზგური ქავთარაშვილის მიმართ, დაუსწრებელი პატიმრობის ორდერია გამოტანილი. პოზნანის პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ძებნილი პირისათვის ნებისმიერი სახის დახმარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
გამოძიება არ გამორიცხავს ბრალის დამძიმებასაც, რასაც, შესაძლოა, უვადო თავისუფლების აღკვეთა მოჰყვეს.
