„ირანის რეჟიმი იყენებს საქართველოს სანქციების თავიდან ასაცილებლად და ომის მანქანის დასაფინანსებლად“ – ამ შინაარსის სტატია დღეს ფოქს-ნიუსის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. ამერიკული გავლენიანი მედია იუწყება, რომ თეირანი აძლიერებს კავშირებს საქართველოსთან. საუბარია ნავთობით ვაჭრობაზე, რომელიც ირანის სამხედრო შესაძლებლობების შენარჩუნებას და განვითარებას უწყობს ხელს. ამერიკული ფოქსი ეყრდნობა ჰადსონის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ უმწვავეს ანგარიშს, რომლითაც მინიშნებულია რომ ქართული ოცნების საეჭვო კავშირები პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში ამერიკულ ინტერესებთან სამხრეთ კავკასიაში.
ანალიტიკოსების აზრით, შემთხვევითი არ არის, რომ ირანის რეჟიმსა და ქართული ოცნების ხელისუფლებას შორის სავარაუდო კავშირებზე ფოქსნიუსი ალაპარაკდა. ეს ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში საკითხს აქტიურად განიხილავენ და ბიძინა ივანიშვილის პარტიის ყველა პოლიტიკური ნაბიჯი დეტალურად იციან. ეს შეერთებული შტატებისთვის სახიფათო პრეცენდენტს ქმნის -ამბობს მკვლევარი
პოლიტიკოსები ქართული ოცნებისგან პასუხებს ითხოვენ! ფიქრობენ, რომ ირანის რეჟიმთან სავარაუდო თანამშრომლობაზე ირაკლი კობახიძის თეირანში რამდენჯერმე ვიზიტი და ირანის დროშის ფერებში ანთებული თბილისის ანძაც ადასტურებს. “იზოლაციაში მოქცეული ივანიშვილის გუნდი საერთო ენას მხოლოდ დიქტატორულ რეჟიმთან პოულობს” – ამბობენ ოპოზიციაში.
თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს ირანისთვის სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთ ჰაბად მოიაზრებს, ეს შეერთებული შტატებისთვის წითელი ხაზია და ანალისტიკოსები სანქციების გამკაცრებას არ გამორიცხავენ. ეს საკითხი გადამწყვეტი იქნება ევროკავშირისთვისაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით.
