ესტონეთმა სომხეთში საელჩო გახსნა და ელჩი თბილისიდან ერევანში გადაიყვანა – დიპლომატიური უწყება მუშაობას სომხეთის დედაქალაქში ოფიციალურად შეუდგა. ერევანში საელჩოს გახსნაზე დასასწრებად ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ჩავიდა.
“დღეს ერევანში შევხვდი პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანსა და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ალენ სიმონიანს. ჩვენ განვიხილეთ სამშვიდობო პროცესის პროგრესი, ასევე ერევანში დაგეგმილი ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) შეხვედრა. რეგიონში მშვიდობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც სომხეთისთვის, ისე ევროპისთვის.
ჩვენ დიდი გზა გავიარეთ ციფრული თანამშრომლობის კუთხით და ეს პროცესი გრძელდება. მანძილს მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც პარტნიორობა მტკიცეა. სიამოვნებით ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას და ასევე გვსურს, სომხეთისგან ვისწავლოთ” – დაწერა ცაჰკნამ X-ზე.
ესტონეთისა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთობების გაუარესების, ხოლო სომხეთთან კონტაქტების გააქტიურების გამო, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი ელჩის საქართველოსა და სომხეთში, მარგე მარდისალუ-კაჰარის თბილისიდან ერევანში გადაყვანისა და საქართველოში მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება 13 თებერვალს მიიღო. საქართველოში ესტონეთის საელჩოს დროებითი რწმუნებული უხელმძღვანელებს.
