მამუკა მდინარაძის ქონებრივი დეკლარაცია საჯაროდ აღარ იძებნება – წაშლილია მისი ძველი დეკლარაციებიც 2017 წლიდან, როდესაც ის პარლამენტის წევრი იყო. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონში ნათქვამია, რომ სუს-ის უფროსსა და მის მოადგილეებს დეკლარაციის წარდგენა ევალებათ, თუმცა არც მდინარაძეს და არც მის მოადგილეებს დეკლარაცია ქონებრივი მდგომარეობის შესახებ არ წარუდგენიათ.
„ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ საკანონმდებლო ორგანო მუშაობს აღნიშნული მიდგომის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად, რადგან მართლაც პარადოქსულია ნორმა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის საჯაროობას ავალდებულებს” – უთხრეს პუბლიკას სუს-ში.
