“ჩვენ საქმე გვაქვს მკვლელების კორპორაციასთან. მათი პირველი მსხვერპლი იყო ბარბარე რაფალიანცი. ეს უკვე უკრაინაში შევიტყვე მოგვიანებით, მაშინ რუსეთიდან ეფ-ეს-ბეს 5-კაციანი სპეც-ჯგუფი იყო ჩამოსული არჩევნებზე დასახმარებლად ივანიშვილისთვის. მათ შორის, ისინი ფიქსირდებოდნენ კახეთში და კერძოდ სიღნაღში დაფიქსირდა 2 კაცი მაშინ, ეს ჩვენც ვიცოდით და ამ ჯგუფმა შესთავაზა ივანიშვილს ორი ვარიანტი – ან ივანიშვილზე თავდასხმის ინსცენირება, ან რომელიმე აქტივისტის მოკვლა. რა თქმა უნდა, თავდასხმის ინსცენირებაზე უარი ითქვა და შემდეგ ამას მოჰყვა ბარბარე რაფალიანცის რიტუალური მკვლელობა. რუსული სპეცოპერაციის ნაწილი იყო ეს…
შემდეგი შეკვეთილი მკვლელობა იყო ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა. ივანიშვილს სასიცოცხლოდ უნდოდა რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდება. ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც იყო ყოფილი ხელმძღვანელი და დამფუძნებელი, მისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. იქაც ჩამოვიდა ქილერების ჯგუფი რუსეთიდან, როგორც ვიცით, კამერა დაატრიალეს, ეროსი მოკლეს და ეროსის ძმა, რომელიც ხმამაღლა იძახოდა სიმართლეს, რომ ეროსი მოკლეს, ან მოსყიდვით, ან დაშინებით გააჩუმეს… მე ვაკისრებ პასუხისმგებლობას ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობისთვის პირადად ივანიშვილს.
შემდეგი მკვლელობა იყო თამარ ბაჩალიაშვილის. ტროლ-ბოტების ინფორმაცია გამოიტანა და ეს მაშინ ძალიან ცხელი თემა იყო, როგორ ტარდებოდა ოპერაცია და ვითომ თავი მოიკლა, მოხდა მისი თვითმკვლელობის იმიტაცია…” – თქვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა.
დღეს 7 ნოემბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესზე იკითხება საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი.
