“სად გააქრეთ ჩვენი მეგობრები?… გაუჩინარებული მიუსაფარი ძაღლების დასაცავად… არა ძაღლ კლა”- ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ცხოველთა მოყვარულები და უფლებადამცველები აქციას მართავენ
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოველთა უფლებადამცველები ამბობდნენ, რომ რეგიონებიდან მიუსაფარი ცხოველები მასობრივად გაიყვანეს. აღნიშნულ საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოჰყვა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუსაფარი ცხოველები გორის კრემატორიუმში შეიყვანეს. გავრცელდა კადრები, სადაც შენობიდან კვამლი ამოდის. სააგენტოში აცხადებენ, რომ კრემატორიუმი მხოლოდ ნარჩენი მასალის ან უკვე გარდაცვლილი ცხოველების დასაწვავად გამოიყენება. 3 აპრილს თბილისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფართან მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლები მივიდნენ. ისინი თავშესაფარში შესვლას და წაყვანილი ცხოველების დაბრუნებას ითხოვდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. საბოლოოდ, მოქალაქეები დაწესებულებაში შეუშვეს, რამდენიმე მოქალაქემ მიკედლებული ცხოველი ამოიცნო და თავშესაფრიდან წამოიყვანა. ცხოველთა მოყვარულები და უფლებადამცველები მოითხოვენ, რომ თავშესაფარში შეშვების პრაქტიკა მათი მუდმივი უფლება იყოს. მოგვიანებით აღნიშნულზე განცხადება თბილისის მერიამაც გაავრცელა და მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.
