საქართველოს პროკურატურამ თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 31 მარტს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა დაზარალებულზე და მას სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა.
„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
