საქსტატი: მარტში წლიურად პურპროდუქტები და ხორცი თითქმის 10%-ით გაძვირდა – ამის შესახებ ინფორმაციას BMG საქსტატზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, მარტში წლიური ინფლაცია 4.3%-მდე შემცირდა, ეს რიცხვი კი წინა წლებთან შედარებით 0.3%-ით შემცირებულია. წლიური ინფლაციის ტემპის შემცირებაზე გავლენა მოახდინა სურსათის სექტორმა, სადაც ფასები წლიურ ჭრილში 7.5%-ით არის გაზრდილი, შედარებისთვის წინა თვეებში სურსათის გაძვირება წლიურ ჭრილში 9-10%-საც შეადგენდა, შესაბამისად სურსათის გაძვირების ზრდის ტემპის შენელებამ წლიური ინფლაციის მაჩვენებლის კლება განაპირობა.
BMG-ის ინფორმაციით, 2026 წლის მარტში ინფლაცია ჯგუფების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდებოდა:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.57 პროცენტული პუნქტით აისახა
ფასები ასევე მომატებულია სხვადასხვა ქვეჯგუფებზეც: თევზეული (21.2 %), ხილი და ყურძენი (13.4%), პური და პურპროდუქტები (9.6%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6%), ზეთი და ცხიმი (7.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (4.9%), რძე, ყველი და კვერცხი (4.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (3.8%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.1%);
ტრანსპორტი და საწვავი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (7.3%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების საწვავით ექსპლუატაციაზე (5.7%);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8%-ით, რაც 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (58.1%), დაზღვევა (8.5%), პირადი ჰიგიენა (4.3%);
ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2%-ით, რაც 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები გაზრდილია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (8%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (4.6%).
