თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, პროკურატურას ორი მოწმე ეყოლება წარმოდგენილი.
დაცვის მხარემ სხდომის დაწყებისას იშუამდგომლა, ეუთო-ს მიერ გამოქვეყნებული „მოსკოვის მექანიზმის” დოკუმენტის საქმეზე დართვა, რომელშიც 2024 წლიდან საქართველოში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზეცაა საუბარი.
ბრალდების მხარე შუამდგომლობას არ დაეთანხმა, რადგან მიიჩნია, რომ აღნიშნული რელევანტურობის ნაწილს არ აკმაყოფილებს და მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში არაა.
მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ 300-გვერდიანი დოკუმენტიდან საქმესთან შემხებლობაში მხოლოდ ერთი აბზაცია, სადაც ყოფილი პრემიერის მიმართ წარმოებულ საქმის პოლიტიკურობაზეა საუბარი. მოსამართლის თქმით, ეს პარაგრაფი, სადაც გახარიაზეა საუბარი, კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით არ არის და მხოლოდ ზოგად ხასიათს ატარებს და შეფასებას წარმოადგენს.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.
