უშუალოდ ბაგა-ბაღის ჭიშკრის წინ არ უნდა მოხდეს ცხოველის დატოვება, თუმცა ეს არ ზღუდავს ახლო ტერიტორიაზე მის დაბრუნებას, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლაშა ავალიანმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში არსებულ ჩანაწერზე, რომელიც ცხოველთა ლოკაციაზე დაბრუნების წესს განსაზღვრავს.
მისი განმარტებით, აღნიშნული ნორმა მკაცრად არ არეგულირებს მანძილს, თუმცა გულისხმობს, რომ ცხოველის დაბრუნება არ უნდა მოხდეს კონკრეტული ობიექტების, მაგალითად, ბაგა-ბაღების უშუალო შესასვლელებთან.
„აღნიშნული განკარგულება არ არის მკაცრი მანძილთან მიმართებაში. საუბარია იმაზე, რომ უშუალოდ ბაგა-ბაღის ჭიშკრის წინ არ უნდა მოხდეს ცხოველის დატოვება, თუმცა ეს არ ზღუდავს ახლო ტერიტორიაზე მის დაბრუნებას. ყოველთვის არსებობს ორი მხარე, ამ შემთხვევაში, მაგალითად, თუ ბაზრის ადმინისტრაციას ცხოველი ზუსტად შესასვლელთან დაუბრუნდება, მაკონტროლებელმა ორგანომ შეიძლება დააჯარიმოს იმის გამო, რომ მის ტერიტორიაზე ცხოველი თავისუფლად გადაადგილდება. ეს საკითხი საჭიროებს სწორად დარეგულირებას“, – განაცხადა ლაშა ავალიანმა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, მსგავსი საკითხები უფრო ეფექტიანად შეიძლება დარეგულირდეს არა უშუალოდ კანონში, არამედ პროცედურული დოკუმენტებითა და სტანდარტული ოპერაციული წესებით, რომლებიც დეტალურად განსაზღვრავს მოქმედების მექანიზმებს.
აღნიშნულ კომენტარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
