პარლამენტმა „ჩააგდო“ ფრაქცია „საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში 1 050 ლარის ოდენობით მინიმალური სახელფასო ზღვრის დაწესებას ითვალისწინებდა.
ოპოზიციურმა ფრაქციამ ამ მიმართულებით ორ კანონში: „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების“ შესახებ კანონსა და „შრომის კოდექსში“ ცვლილებები წარადგინა. აღსანიშნავია, რომ პირველ კანონპროექტს – 23-მა დეპუტატმა (15 – წინააღმდეგი), ხოლო „შრომის კოდექსში“ ცვლილებებს პარლამენტის 15-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
მინიმალური სახელფასო ზღვარის დაწესების ინიციატივის კენჭისყრას კამათი უძღოდა წინ.
„ქართულმა ოცნებამ“ ფრაქცია „საქართველოსთვის“ კანონპროექტი „ხარვეზიანად“ და „მოუმზადებლად“ შეაფასა. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განხილვისას განაცხადა, აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში, არსებობდა იმის რისკი, რომ ბიზნესს ხელფასის მომატების ნაცვლად, დასაქმებულები შეემცირებინა.
„ქართული ოცნების“ კრიტიკა არ გაიზიარა პროექტის წარმდგენმა გიორგი შარაშიძემ, რომლის შეფასებით, მინიმალური ხელფასის დაწესება ხელს შეუწყობდა შრომის ბაზარზე ღირსეული პირობების შექმნას, სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებას და სიღარიბის შემცირებას.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონის მიღება არც საჯარო და არც კერძო სექტორისთვის განსაკუთრებული წნეხი არ იქნებოდა.
„თქვენ არ გაწყობთ, რომ კერძო სექტორს მოგება შეუმცირდეს, რადგან ეს მოგება შემდეგ თქვენთან მოდის. გაზრდილ ფასებზე რომ საუბრობთ, იმ ფასების წილში პირდაპირ თუ ირიბად პარტია „ქართული ოცნება“ ზის. როდესაც თქვენ კანონპროექტს ასე უტიფრად „აგდებთ“, ამით ასობით ათასს ადამიანს მონური ექსპლუატაციისთვის და სრულიად შეუსაბამო ანაზღაურებისთვის სწირავთ.
თქვენთან დაკავშირებულ „ორ ნაბიჯში“, რომლის მოგება 60 მილიონს შეადგენს და რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თქვენი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გახლდათ, ყველაზე სასტიკად ეპყრობიან ადამიანებს და მათ მონურ ექსპლუატაციას უწვენ. კარგად მოიკითხეთ, რა ხდება სუპერმარკეტებში“, – მიმართა შარაშიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კანონპროექტის განხილვისას.
