აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ეხმაურებიან.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, სამწუხაროდ, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განხილვის საგანი მხოლოდ ის არის, რომ ქვეყნის ამჟამინდელი რეჟიმი ამერიკისთვის წინაღობა და პრობლემა არ გახდეს.
“ის რომ უსაფრთხოებაზე არის მთავარი აქცენტირება სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის მიერ სამხედრო მოქმედებები ირანში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ეს არის მათთვის ახლა მთავარი პრიორიტეტი და ის რომ საქართველოს ამჟამინდელმა რეჟიმმა, რომელიც აღარ წარმოადგენს სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ისთვის და ამაზე მიუთითებს ჩვენ ორ ქვეყანას შორის შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა, ფორმალურად, საქართველო არ გახდეს წინაღობა და პრობლემა ამერიკისთვის. ეს არის ერთადერთი განხილვის საგანი, სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ამერიკისთვის ჩვენ ვყოფილიყავით ის სანდო სტრატეგიული პარტნიორი, მთავარი სანდო და მთავარი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში, როგორც ვიყავით ივანიშვილის რეჟიმამდე,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, ირაკლი კობახიძესთან ზარის პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, გუშინ, კუბასა და ვენესუელაზე გააკეთა განცხადება – “ცუდია ამ კამპანიაში რომ მოვხვდით, მაგრამ ფაქტია”.
“რუბიოს ჰქონდა განცხადება კიდევ ორ ქვეყანასთან დაკავშირებით და საქართველოსაც დაურეკა და ცუდია ამ კამპანიაში რომ მოვხვდით, მაგრამ ფაქტია ეს არის ვენესუელა და ეს არის კუბა, ორივე ამ ქვეყანაზე გააკეთა გუშინ რუბიომ ასევე განცხადება, ჩვენი ზარის პარალელურად და ორივესთან დაკავშირებით ილაპარაკა ეკონომიკაზე, მაგრამ ამის პარალელურად თქვა, რომ ეკონომიკა ვერ განვითარდება, როცა ხალხია ჩაგრული, როცა არიან პოლიტპატიმრები, ეს თქვა მან იმ ორ ქვეყანაზე და ჩვენთან დაკავშირებით დაწერა ის, რაც დაწერა,” – ამბობს ნიკა გვარამია.
პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძე რეალურად არაფერს არ წარმოადგენს და ბიძინა ივანიშვილის “მომსახურე პერსონალია.
მისი განცხადებით, ის ვერანაირ ტრაგედიას ვერ ხედავს იმაში, რომ რუბიო ქვეყანაში ესაუბრა პირს, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის აღქმით, ამ ქვეყანაში რაღაც ძალაუფლებას ახორციელებს.
“ირაკლი კობახიძეს სჭირდება რაღაც კონკრეტული შედეგი, რომ მას რაღაცა გამოსდის, მას არაფერი არ გამოსდის. რაღაც 2-3 დღეს აცოცხლებენ ამ მესიჯს, რომ რაღაცა შეუძლია ამ ადამიანს, მას არაფერი არ შეუძლია იმიტომ, რომ ის ზოგადად არაფერს არ წარმოადგენს, ივანიშვილის მომსახურე პერსონალია.
რაც შეეხება რუბიოს განცხადებას, ის რომ არ ენდო მის განცხადებას ამის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ის ფაქტი, რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია იმ ადამიანთან, ვისთანაც, მისი აღქმით, რომელიც ამ ქვეყანაში რაღაც ძალაუფლებას ახორციელებს, მე ამაში ვერ ვხედავ ვერანაირ ტრაგედიას და პირიქით, არის ძალიან მისასალმებელი თუ ეს კომუნიკაცია სხვადასხვა თემებზე, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება, კიდევ უფრო გახშირდება,” – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.
“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას თქმით, აშშ-ს გააჩნია ძალიან კონკრეტული ხედვა, “თუ რომელი რეჟიმი რა ტიპის ქმედებებს უნდა ეწეოდეს”.
“აშშ-ს გააჩნია ძალიან კონკრეტული ხედვა, ამერიკა პირველ რიგში პოლიტიკის ფარგლებში იმასთან დაკავშირებით თუ რომელი რეჟიმი რა ტიპის ქმედებებს უნდა ეწეოდეს, როგორც მინიმუმ იმისათვის, რომ ამერიკას ჰქონდეს მათთან სტაბილური ურთიერთობები,” – თქვა გრიგოლ გეგელიამ.
