ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ ცენტრს, პარმის პროვინციაში მდებარე მამიანო დი ტრავერსეტოლოს ვილა-მუზეუმს, თავს დაესხნენ. მანიანი როკას ფონდის (Magnani Rocca Foundation) მუდმივი კოლექციიდან მოპარულია მსოფლიო მნიშვნელობის რამდენიმე შედევრი, რომელთა მხატვრული და ეკონომიკური ღირებულება უპრეცედენტოდ მაღალია.
საგამოძიებო უწყებები ადასტურებენ, რომ მოპარულ ნამუშევრებს შორისაა პიერ-ოგიუსტ რენუარის 1917 წელს შესრულებული ტილო — „თევზები“ (Les Poissons). ეს ნახატი იმპრესიონისტი ხელოვანის იმ იშვიათ ნამუშევართაგან ერთ-ერთია, რომელიც იტალიაში საჯარო კოლექციაში მუდმივად იყო გამოფენილი.
რენუარის გარდა, მძარცველებმა ვილიდან წაიღეს: პოლ სეზანის აკვარელით შესრულებული ნამუშევარი – „ნატურმორტი ალუბლებით“ (Still Life with Cherries) და ანრი მატისის აკვატინტა – „ოდალისკი ტერასაზე“ (Odalisque on the Terrace).
გამოძიების პირველადი ვერსიით, მძარცველთა ჯგუფმა ვილა მანიანიში შეღწევა რამდენიმე დღის წინ მოახერხა. დანაშაული სრულყოფილად იყო დაგეგმილი. ნიღბიანმა პირებმა იმოქმედეს სწრაფად და ისე, რომ კვალი თითქმის არ დაუტოვებიათ.
აღსანიშნავია, რომ ძარცვა რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა ინფორმაცია საზოგადოებისთვის მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი. გამოძიებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეცდანაყოფი აწარმოებს, რომელიც მოპარული ნამუშევრების შავ ბაზარზე გასვლის აღკვეთას ცდილობს.
