საქართველოს ნაკრები დღეს წლის პირველი შეკრების მეორე ამხანაგურ მატჩს ლიეტუვის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ დარიაუს ირ გირენო სტადიონზე ივარჯიშა.
საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიის კითხვებს უპასუხა.
„ლიეტუვის ნაკრებს ხანგრძლივი მოუგებელი სერია ჰქონდა, ორი დღის წინ კი მოლდოვა დაამარცხა, რაც გუნდის თავდაჯერებაზე დადებითად აისახება. სწორედ ამიტომ, რთულ თამაშს ველით. სტუმრად ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, მეტოქე საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ყველაფერს გააკეთებს კარგი თამაშის ჩასატარებლად. თუმცა, ეს ჩვენთვისაც კარგია, რადგან მეტოქის მონდომება მოულოდნელობა არ იქნება. ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, რომ მოსაგებად 100% უნდა გაიღონ“, – განაცხადა მან.
ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა კი აღნიშნა, რომ ნაკრებს რთული მატჩი ელის, თუმცა ამხანაგური მატჩები გუნდის ტაქტიკის დასახვეწად კარგი შესაძლებლობაა.
„რთული მატჩი გველის. გასვლაზე თამაში მარტივი არასდროს არის. ვეცდებით, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ. ფეხბურთელები და სტაფი ვცდილობთ, რომ ერთად გამოვასწოროთ ჩვენი თამაში. ეს ამხანაგური მატჩები კარგი შესაძლებლობაა კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი თამაში როგორც ტაქტიკურად, ისე მენტალურად და ფიზიკურად. შედარებით ახალგაზრდა გუნდი ვართ, ვიდრე ვიყავით და უფრო მეტად უნდა გავუგოთ ერთმანეთს, უკეთ შევთამაშდეთ. ამ მატჩებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სექტემბერს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ და კარგი თამაში ვაჩვენოთ“, – განაცხადა მამარდაშვილმა.
ლიეტუვისა და საქართველოს ეროვნული გუნდების შეხვედრა 29 მარტს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
