თბილისის საქალაქო სასამართლოში ანტონ ჩეჩინის, არტემ გრიბულისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი გადაიდო.
პროცესის გადადებაზე შუამდგომლობა დაცვის მხარემ, სერგეი კუხარჩუკის ადვოკატმა ნიკოლოზ ლეგაშვილმა დააყენა, ვინაიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფი უცნობი მიზეზის გამო სხდომას არ ესწრებოდა.
უფლებადამცველმა სასამართლოს სთხოვა პროცესი გადადებულიყო, რათა სურვილის შემთხვევაში, ბრალდებულს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონოდა.
“ჩემთვის სიურპრიზი იყო, რომ დღეს კუხარჩუკი პროცესზე არ გამოცხადდა, თუმცა დოკუმენტს რომელიც პენიტენციურიდან მოსამართლეს გამოეგზავნა, რატომ არ აქვს ბრალდებულის ხელმოწერა ეს შემიძლია განვმარტო. მას თავიდანვე არ უთარგმნეს ჯეროვნად, რა ნივთები იყო დასაშვები ციხეში და რა არა. ამიტომაც არ იცოდა რომ ბანქო დაუშვებელია. სწორედ აქედან გამომდინარე აღარ აწერს სერგეი კუხარჩუკი არც ერთ დოკუმენტს ხელს, რომელიც ქართულ ენაზეა შედგენილი, ნდობა აღარ აქვს. რადგან მისი გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობია, ვითხოვ გადაიდოს პროცესი რომ ეს დადგინდეს და სურვილის შემთხვევაში, ბრალდებულს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს,” – განაცხადა ნიკოლოზ ლეგაშვილმა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა არტემ გრიბულმაც, რომელმაც განმარტა, რომ მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურ დაწესებულებაში დასაშვები და დაუშვებელი ნივთების ჩამონათვალს რუსულ ენაზე არ აძლევენ.
“ჩვენ ნამდვილად არ გვაძლევენ პენიტენციურ დაწესებულებაში დასაშვები დაუშვებელი ნივთების ჩამონათვალს რუსულ ენაზე. ორჯერ მივმართე დირექტორს მოთხოვნით და არანაირი პასუხი არ მოვიდა, ასლიც არ გადმოუციათ,” – თქვა არტემ გრიბულმა.
ცნობისთვის, პრო-ევროპული აქციების დროს დაკავებულ ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს პენიტენციურ დაწესებულებაში უკანონო ნივთის, კერძოდ ბანქოს შენახვასა და თამაშს ედავებიან.
სერგეი კუხარჩუკს ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის მუხლით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ანტონ ჩეჩინსა და არტემ გრიბულს კი ნარკოტიკული საშუალების ფლობის ბრალდებით – 8.5 წლით. მათივე განცხადებით, მათ ეს ნარკოტიკი ჩაუდეს.
