ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულების საქმის პროკურორი, ანა ხუბეჯაშვილი განმარტავს, თუ რატომ არ დაეთანხმა პროკურატურა დაცვის მხარის შუამდგომლობას სასამართლო პროცესის გახსნასთან დაკავშირებით.
როგორც ხუბეჯაშვილი აღნიშნავს, გასულ პროცესზე, როგორც დაცვის მხრიდან, ასევე, დამსწრეების მხრიდან სხდომათა დარბაზში არაერთხელ დაირღვა წესრიგი, რის გამოც, პროკურატურა პროცესის გახსნას არ დაეთანხმა.
“ბრალდების მხარემ წარმოვადგინეთ შესავალი სიტყვა, იმ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შესახებ, რომელთაც შემდეგი ეტაპიდან გამოვიკვლევთ, როცა მოწმეთა დაკითხვას დავიწყებთ.
ამ შემთხვევაში, მივუთითეთ სასამართლოს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხება არაერთი პირი, რომლებიც უშუალოდ, დანაშაულის ჩადენის ადგილზე იმყოფებოდნენ და ფლობდნენ ინფორმაციას ბრალდებულთა ქმედებების შესახებ. ვესაუბრეთ სასამართლოს იმის შესახებ, რომ გამოვიკვლევთ ვიდეოჩანაწერებს, რომელშიც ნათლად არის წარმოდგენილი თუ რა ტიპის მოწოდებებს ახორციელებდნენ ბრალდებულები, ასევე, ვისაუბრეთ ფარულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე, რომელშიც, ასევე, ნათლად არის წარმოდგენილი შეთანხმება კონკრეტულ ბრალდებულებს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ გაავრცელონ მცდარი ინფორმაცია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ასევე ვისაუბრეთ იმ ნივთიერ მტკიცებულებებზე და სხვა საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნული საკითხის განხილვის დროს, როგორც ბრალდების მხარის მტკიცებულება.
ასევე, დღევანდელ სხდომაზე განხილული იქნა დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის გახსნასთან დაკავშირებით, რაც არ დაკმაყოფილდა, ჩვენ დაცვის მხარეს არ დავეთანხმეთ იქიდან გამომდინარე, რომ წინა სასამართლო სხდომაზე არაერთხელ და უხეშად დაირღვა როგორც დაცვის მხარის მხრიდან, ასევე, სხდომაზე დამსწრე პირების მხრიდან წესრიგი.
მოგეხსენებათ, სასამართლო სხდომის მიმდინარეობას დადგენილი ფორმა აქვს, მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს ეფექტიანად და ისეთ პირობებში, რომ მოგვეცეს მუშაობის შესაძლებლობა. შესაბამისად, ასეთი ტიპის ქმედებების გამო, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდეს”,- განაცხადა ხუბეჯაშვილმა.
