დღეს დაცვის მხარე ვაპირებთ დავაყენოთ შუამდგომლობა სასამართლოს სხდომების გახსნასთან დაკავშირებით, თუმცა დიდი მოლოდინი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაკმაყოფილდება, არ გვაქვს, – ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესს ნიკა მელია არ დაესწრება.
მისივე განმარტებით, ნიკა მელიასთან მიმართებით, „ერთი მტკიცებულებაც არ არის, რომელიც საბოტაჟის ბრალდებას შესაძლოა თეორიულად ადასტურებდეს“.
„მოგეხსენებათ, დღეს გრძელდება არსებითი სასამართლო სხდომა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ე.წ. საბოტაჟის საქმეზე. ნიკა მელია არ დაესწრება აღნიშნულ პროცესს. დღეს ჩვენ, დაცვის მხარე, ვაპირებთ დავაყენოთ შუამდგომლობა სასამართლოს სხდომების გახსნასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ეს არის საკმაოდ რეზონანსული [საქმე], მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და ვეცდებით, არგუმენტაცია მივაწოდოთ სასამართლოს, რომ აღნიშნული საქმის განხილვა გაიხსნას და შესაძლებლობა ჰქონდეს როგორც საზოგადოებას, ისე პრესას დაესწროს და გააშუქოს აღნიშნული საქმის მსვლელობა. თუმცაღა დიდი მოლოდინი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაკმაყოფილდება, არ გვაქვს. ამის შემდგომ ბრალდების მხარე წარადგენს თავის შესავალ სიტყვებს და იმისდა მიხედვით, თუ რა დრო დასჭირდება, დაცვის მხარე, ასევე წარვადგენთ შესავალ სიტყვას.
რაც შეეხება მტკიცებულებს. მას შემდეგ რაც ამ მრავალტომიანი საქმის მასალებს გავეცანით, მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით, ერთი მტკიცებულებაც არ არის, რომელიც საბოტაჟის ბრალდებას შესაძლოა თეორიულად ადასტურებდეს. აქ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, სხვადასხვა საქმის მასალებია გაერთიანებული. თუ კი ბრალდება გულისხმობს, რომ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს საპროტესტო აქციებში, გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები და ეს შეიძლება შეირაცხოს საბოტაჟად, მაშინ ამას მტკიცებულებების გამოკვლევა არ სჭირდება. ამას არც ჩვენ უარვყოფთ, რომ ნიკა მელია ნამდვილად არის ოპოზიციის ლიდერი, იღებდა მონაწილეობას საპროტესტო აქციებში და გამოდიოდა სიტყვით. თუმცაღა სხვა რამ, რაც შეიძლება ნიკას ბრალდებას წარედგინოს, ფარატინა ფურცელიც არ დევს საქმეში. მართალია, დღეს ჩვენ მტკიცებულებების გამოკვლევას არ ვიწყებთ, წარვადგენთ, მხოლოდ და მხოლოდ, შესავალ სიტყვებს, მაგრამ მტკიცებულებათა გამოკვლევა უკვე დაიწყება შემდგომი სასამართლო პროცესებიდან“,- განაცხადა ადვოკატმა.
