გიორგი მიქაძის პირადი დაცვის წევრი, კობა ვაჭარაძე, დღეს სასამართლოში სამი საათის განმავლობაში იკითხებოდა. მოწმე, რომელიც ბრალდებულთან 25 წლის განმავლობაში მუშაობდა, აცხადებს, რომ გიორგი მიქაძე იმ სასტუმროში არასდროს ყოფილა, სადაც, გამოძიების ვერსიით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დაიგეგმა. თუმცა პროკურორის დამაზუსტებელი კითხვების შემდეგ მან დაადასტურა, რომ მიქაძე მნიშვნელოვან შეხვედრებზე ხშირად გადაადგილდებოდა დაცვის გარეშე.
საქმეში ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ 15 თებერვალს გიორგი მიქაძე სასტუმროში გიორგი ჯოხაძეს შეხვდა. მიუხედავად ამისა, ექსპერტიზამ კადრებში მიქაძის იდენტიფიცირება ვერ შეძლო, ხოლო თავად ვაჭარაძემაც ვერ დაადასტურა მისი იქ ყოფნა.
პროკურატურა მოწმის ჩვენებას არასანდოდ მიიჩნევს და მიუთითებს წინააღმდეგობებზე მის ჩვენებაში, მათ შორის მიქაძესთან ერთად საზღვარგარეთ ვიზიტების დეტალებთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხებზე მოწმეს კითხვები თავად ბრალდებულმა, გიორგი მიქაძემაც დაუსვა სასამართლო პროცესის დროს.
