„დოჟდის“ ჟურნალისტს 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრის შესახებ პოსტის გამო დაუსწრებლად მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ინფორმაციას „მედიაზონა“ სასამართლოს კორესპონდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.ჟურნალისტ ვალერია კიჩიგინას ბრალი ორ ეპიზოდზე ედებოდა.
პირველი – 2022 წლის 6 აპრილს მან ტელეგრამარხზე დაწერა: „აქაც ვაკოპირებ დიმა კოლეზევის მასალების ბმულს იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიძლება იყოს ბუჩას ხოცვა-ჟლეტა ყალბი“.
მეორე – 2023 წლის 8 აგვისტოს კიჩიგინამ ინსტაგრამზე სთორიში გააზიარა ფოტოკოლაჟი რუსეთის ფედერაციის დროშის ქვეშ მყოფი ჯარისკაცებისა და სამხედრო ტექნიკის გამოსახულებით და დაურთო კომენტარი: „დღეს საქართველოში ხუთდღიანი ომის დაწყების წლისთავია. 7-დან 8 აგვისტოს ღამეს რუსული ჯარები შეიჭრნენ ქვეყანაში და ბომბავდნენ მშვიდობიან ქალაქებს. უკვე 15 წელია, საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“.
ვალერია კიჩიგინას წინააღმდეგ საქმე 2024 წლის ნოემბერში აღიძრა. ჟურნალისტი თავის დევნას უკავშირებს იმას, რომ ის აშუქებდა „ბაიმაკის საქმეს“, რომელიც 2024 წელს ადგილობრივი ეკოაქტივისტის, ფაილ ალსინოვის დაკავებას და მასობრივ პროტესტს უკავშირდება.
სამხედრო ყალბი ამბების შესახებ მუხლი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში 2022 წლის მარტში შეიტანეს. კიჩიგინას საქმე არის პირველი ცნობილი შემთხვევა, როდესაც გამოძიებამ სიყალბედ მიიჩნია პუბლიკაცია საქართველოსთან ომის შესახებ.
2025 წლის აგვისტოში ჟურნალისტი „როსფინმონიტორინგის“ „ტერორისტებისა“ და „ექსტრემისტების“ რეესტრში შეიყვანეს.
