როგორ განაწილდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე საშვები – შესაბამისი კითხვით მედიამ პროტოპრესვიტერ, მამა გიორგი ზვიადაძეს მიმართა.
სასულიერო პირის თქმით, არავითარი მითითება არ ყოფილა ვის უნდა ჰქონოდა საშვი და ვის – არა.
“პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხალხი უნდა იყოს აუცილებლად ტაძარში და რამდენადაც შესაძლებელია, ძალიან დიდი რაოდენობა, რამდენიც შესაძლებელია, რომ სამების საკათედრო ტაძარში მოთავსდესო. ვის უნდა მიეცეს ეს საშვი და ვის არა, ასეთი რამ იქ არ განსაზღვრულა. ზუსტად არ ვიცი კონკრეტულად, ვინ ანაწილებდა ამ საშვებს, მაგრამ არანაირი მითითება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. მეუფე შიოს პოზიციაც ასეთი იყო, რომ ხალხი უნდა იყოს ტაძარში, რადგან პატრიარქის პიროვნება დაკავშირებულია მთელ საზოგადოებასთან, ხალხთან. ჩემზე ძალიან იმოქმედა იმან, რომ ერთმნიშვნელოვანი იყო, როგორც პრემიერის პოზიცია, ასევე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის. არანაირი მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ საშვი ამას უნდა მიეცეს და ამას არა, არ ყოფილა. გარკვეული მოვალეობა მქონდა ჩემი უწმინდესის წინაშე, უაღრესად დაკავებული ვიყავი და არ დავინტერესებულვარ იმით, ვინ ანაწილებდა საშვებს”,- განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვის დღეს სამების საკათედრო ტაძარში საშვები მოქმედებდა. არც ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერისთვის და არც ერთი ყოფილი პრეზიდენტისთვის საშვი არ გაიცა. პროცესიას სამების ტაძარში არ ესწრებოდა არც ერთი ყოფილი პრეზიდენტი.
