კრემლის წარმომადგენელმა მიხაილ შვიდკოიმ, რომელიც დღეს პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე რუსეთის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, მოსაყდრე შიოს პუტინის სამძიმრის წერილი გადასცა – ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს:
“რუსეთში ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ უწმინდესი პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, რომელიც ქართველი ხალხის ჭეშმარიტი სულიერი ლიდერი, ეკლესიისა და ერისთვის თავდადებისა და უანგარობის მაგალითი იყო. პატრიარქი ილია II მიისწრაფოდა მართლმადიდებლური ერთობის შენარჩუნებისა და იმ ტრადიციული ღირებულებების დაცვისკენ, რომლებიც ქართული იდენტობის საფუძველს წარმოადგენს. მისმა უწმინდესობამ მრავალწლიანი არქიპასტორალური მოღვაწეობით მოიპოვა უდიდესი ავტორიტეტი და დამსახურებული პატივისცემა მთელ ქრისტიანულ სამყაროში. რუსი ხალხი ქართველ ხალხთან ერთად გლოვობს” – ნათქვამია პუტინის სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს.
“რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში მიხაილ შვიდკოი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვას დაესწრო და რუსეთის ლიდერის ღრმა სამძიმარი გადასცა საქართველოს სასულიერო პირებსა და ხალხს” – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის დღეს მოსკოვის პატრიარქმა თბილისში ბელარუსის ეგზარქოსი 80-კაციან დელეგაციასთან ერთად გამოგზავნა. სამებაში პატრიარქის წესის აგებაში მეუფე შიოსთან ერთად მონაწილეობა მიიღო მსოფლიო პატრიარქმაც. სწორედ მსოფლიო პატრიარქის ვიზიტი სახელდება მიზეზად იმისა, რომ რუსეთის პატრიარქი კირილი ილია მეორის დაკრძალვაზე არ ჩამოვიდა. მოსკოვმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი ცალმხრივად გაწყვიტა.
ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად 1977 წელს აირჩიეს. ის 17 მარტს გარდაიცვალა. პატრიარქი ილია მეორე კუჭიდან ძლიერი სისხლდენის გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. 93 წლის პატრიარქი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა და მის მკურნალობაზე ექიმების კონსილიუმი მუშაობდა. სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის სამოქალაქო პანაშვილი 4 დღის მანძილზე 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
